ტრასი ლავროვს: დაასრულეთ ცივი ომის რიტორიკა
დიდი ბრიტანეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი მოსკოვში რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა.
ლიზ ტრასმა კრემლს „ცივი ომის რიტორიკაზე“ უარის თქმისკენ და უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრისკენ მოუწოდა.
„[ესკალაციის მაგივრად] რუსეთი ნატოსთან ერთად ევროპაში უსაფრთხოების შესახებ არსებით დისკუსიებში უნდა ჩაერთოს.
ამ დისკუსიებში [მოსკოვმა] პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რაზეც რუსეთმა ხელი 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმში მოაწერა.“ - განაცხადა ბრიტანეთის მთავარმა დიპლომატმა.
ტრასის მოსკოვური ვიზიტის პარალელურად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ვარშავაში და ბრიუსელში ჩადის, სადაც პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვედება.
გაერთიანებული სამეფო უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო ესკალაციის ფონზე კიევის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ იქცა.
ბრიტანეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე მიაწოდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და სხვა ტიპის ლეტალური შეიარაღება. პარალელურად, ლონდონი კიევს საზღვაო თავდაცვასა და ფლოტის რეკონსტრუქციაში დახმარებას პირდება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა ახალი სამხედრო ალიანსის ფორმირებას აპირებენ.