ცუდი ამბავი უკრაინისთვის - არჩევნების შედეგად სლოვაკეთმა შესაძლოა კურსი შეცვალოს
ცენტრალური ევროპის პატარა ქვეყანა - სლოვაკეთი, მიმდინარე კვირას საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად ემზადება. დამკვირვებლების აზრით, არჩევნების შედეგად შესაძლოა შეიცვალოს ქვეყნის საგარეო კურსი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, დაიძაბოს ურთიერთობები ევროკავშირთან და მნიშვნელოვნად გაუარესდეს შიდა პოლიტიკური ვითარება.
რიგგარეშე არჩევნები სლოვაკეთში ედუარდ ჰეგერის მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ ჩაინიშნა - ჰეგერის მთავრობა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, სლოვაკეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, ჯავშანტექნიკა და საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები გადასცა.
ჰეგერის მრავალპარტიული კოალიცია შიდა წინააღმდეგობებისა და უთანხმოებების გამო გასული წლის დეკემბერში დაიშალა - მთავრობა პარლმენტში უნდობლობის ვოტუმს ვერ გადაურჩა.
საზოგადოებრივი კვლევები არჩევნებში გამარჯვებას სლოვაკური პოლიტიკის მძიმეწონოსანის, რობერ ფიკოს Smer-ს უწინასწარმეტყველებენ. კვლევების მიხედვით, Smer-ი ხმათა 20%-ით პირველ ადგილზე გადის. რობერტ ფიკომ სლოვაკეთის პრემიერის პოსტი პირველად 2006 წელს დაიკავა. 2010 წელს მარცხის შემდეგ ფიკო ხელისუფლებაში 2012 წელს დაბრუნდა და პრემიერის პოსტს 2018 წლამდე იკავებდა.
წლებია ფიკო მწვავედ აკრიტიკებს ევროკავშირს, ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ის პრაქტიკულად პირდაპირ იმეორებს რუსული პროპაგანდის გზავნილებს. ფიკოს თქმით, უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე ე.წ. პროქსი ომის ნაწილია, ხოლო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა კი აშშ-ს პროვოკაციებზე ვლადიმირ პუტინის რეაქციაა.
ფიკო ამომრჩევლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტასა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ჰპირდება.
სლოვაკეთის საარჩევნო სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე, პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაშიც, ფიკოს მრავალპარტიული კოალიციის ჩამოყალიბება დაჭირდება. შესაბამისად, ფიკოსთვის აუცილებელი იქნება კოალიციაში 2 მოზრდილი პარტიის მიმხრობა.
კვლევების მიხედვით, მეორე ადგილს, ხმათა 17%-ით დემოკრატიულად განწყობილი პროგრესული სლოვაკეთი (PS) იკავებს. 5-დან 8%-ის ფარგლებში მერყეობს სხვა, შედარებით მცირე დემოკრატიული პარტიების (OLANO, SAS, KDH) მხარდაჭერის მაჩვენებელი, თუმცა ისინი გამორიცხავენ ფიკოსთან კოალიციაში შესვლის შესაძლებლობას.
ამ ვითარებაში ფიკოსთვის ყველაზე რეალისტური ვარიანტი მისი ყოფილი პროტეჟეს, პეტერ პელეგრინის, მიმხრობაა - პელეგრინის პარტია ხმათა 13%-ით მესამე ადგილს იკავებს. თუმცა ამ სცენარშიც ფიკოს ფუნქციური კოალიციის შესაქმნელად მესამე პარტიის მხარდაჭერაც დაჭირდება. ასეთად კი მოიაზრება ულტრა-მემარჯვენე და ნაცისტური ფესვების პარტია Republika ან ეთნო-ნაციონალისტური SNS.
კომენტატორების აზრით, ფიკომ წარსულში "მოქნილი პოლიტიკური ოპერატორის უნარები გამოიჩინა" - ის უახლოვდებოდა ევროკავშირს პოზიციებს ისეთ საკითხებში, რომლებიც მისთვის მომგებიანი იყო და მწვავედ აკრიტიკებდა ბრიუსელს მაშინ, როდესაც საქმე, მაგალითად, საემიგრაციო პოლიტიკას ეხებოდა.
ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ფიკომ შესაძლოა შეამსუბუქოს რიტორიკა, თუმცა მაღალი ალბათობით, უკრაინის სამხედრო დახმარება მაინც შეწყდება. ამ შემთხვევაში შესაძლოა ფიკომ ვიქტორ ორბანის სახით ბუნებრივი მოკავშირე იპოვოს.
ფიკოს გამარჯვების პერსპექტივა, არაერთი კომენტატორის აზრით, დამატებით რისკებს ქმნის შიდა პოლიტიკური ვითარების, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების კუთხითაც, განსაკუთრებით კი ფიკოს სკანდალური პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით.
ბოლოს ფიკომ პრემიერის პოსტი 27 წლის ჟურნალისტის, იან კუჩიაკისა და მისი ცოლის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში დაწყებული ანტი-კორუფციული საპროტესტო აქციების შედეგად დაკარგა. ამ დროიდან მოყოლებული ფიკოს გარემოცვის რამდენიმე წევრს წარუდგინეს ოფიციალური ბრალი კორუფციის, გადასახადების დამალვისა და მექრთამეობის მუხლით.
"ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის" შექმნისთვის ბრალი წარუდგინეს თავად ფიკოსაც. საბოლოოდ საქმე სახალხო დამცველის დასკვნის საფუძველზე შეწყდა.
"ამიტომაც ფიკოს პოტენციური გამარჯვება - ის იბრძვის არამხოლოდ ძალაუფლებისთვის, არამედ საკუთარი მომავლისთვისაც. სანამ ის სრულად არ დაიმორჩილებს ინსტიტუტებს, ყოველთვის იარსებებს მისი საპატიმროში აღმოჩენის შანსი", - წერს ცენტრალური ევროპის ქვეყნების ექსპერტი, ანტონ სპისაკი.