"ტურისტული სალამი" - როგორ მიაგნო და გაანადგურა ЗСУ-მ ყირიმში C-400-ის სისტემა

14 სექტემბრის დილით ოკუპირებული ყირიმში, კერძოდ ქალაქ ევპატორიის შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობა აფეთქებების სერიამ გააღვიძა, მალევე გავრცელდა შემთხვევის ადგილზე გაჩენილი ხანძრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. 

უკრაინული წყაროების ცნობით, კოორდინირებული სარაკეტო და დრონების თავდასხმის დროს განადგურებულია რუსეთის არმიის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400 "Триумф", რომლის ღირებულებაც 1.2 მილიარდ დოლარს აღემატება. 

ევპატორიასთან განლაგებული სისტემების განადგურებას ადასტურებენ როგორც Z-ბლოგერები, ასევე, დამოუკიდებელი დამკვირვებლები. დარტყმის შედეგები კარგად ჩანს სატელიტური ფოტოებიდანაც. მაღალი ალბათობით განადგურებულია როგორც საზენიტო სისტემების გამშვები დანადგარები, ასევე, რადარები და რადიოლოკაციური სადგურები. 

არსებული ინფორმაციით, შეტევა თავდაპირველად დრონების გამოყენებით დაიწყო - დრონების გამოჩენის შემდეგ გააქტიურდა C-400-ის რადარები, რასაც უკვე უკრაინის საზღვაო ძალების მიერ ადგილობრივი წარმოების Нептун-ის რაკეტების წარმატებული გაშვება მოჰყვა. 

რადიო თავისუფლების ევროპის ოფისის ჟურნალისტის, მარკ კრუტოვის ცნობით, საუბარია სისტემებზე რომელთა ლოკაციაც გასულ წელს რუსი ტურისტის მიერ გადაღებული ფოტოდან გახდა ცნობილი. 

გასული წლის ზაფხულში ყირიმში ერთ-ერთმა დამსვენებელმა პლიაჟთან ახლოს განლაგებული C-400-ის სისტემები დაინახა, რის შემდეგაც მათ ფონზე ფოტოც გადაიღო და თავის სოციალურ ქსელშიც ატვირთა. 

ევპატორიის შემოგარენში, სოფელ მოლოჩნოესთან გადაღებული ფოტო შეიცავდა გეოგრაფიულ კოორდინატებსაც და ლოკაციის დადგენა სერიოზულ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. მალევე სოციალურ ქსელებში საჰაერო თავდაცვის სისტემებზე გადაღებული სხვა ფოტოებიც გავრცელდა, რომელთა ანალიზის შედეგადაც კომპლექსის ზუსტი მდებაროების დადგენა მოხერხდა. 

კონტექსტი 

ბოლო დღეებში ეს ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე განხორციელებული უკვე მეორე მასშტაბური თავდასხმაა. 13 სექტემბერს, უკრაინის სარაკეტო თავდასხმისას სერიოზული დაზიანებები მიიღო სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთსაშენმა საწარმომ. თავდასხმის მომენტში საწარმოს სარემონტო დოკში 2 გემი იდგა, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში შემავალი 6 წყალქვეშა ნავიდან ერთ-ერთი. 

სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ დოკში მყოფი დიდი სადესანტო გემი პრაქტიკულად განადგურებულია, ხოლო წყალქვეშა ნავმა სერიოზული დაზიანება მიიღო. 

მსგავსი სიახლეები