თურქეთი: ერდოღანი პუტინთან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ახალ მექანიზმს განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში შეხვედრის დროს უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ექსპორტის ახალ მექანიზმს განიხილავენ.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა კვირას, A Haber TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პუტინი თურქეთს 12 თებერვალს ეწვევა, რაც რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ნატოს წევრ ქვეყანაში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ფიდანმა თქვა, რომ არსებობს უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირების "ახალი მექანიზმის" მოძიების მცდელობები.

"მარცვლეულის წინა შეთანხმება გარკვეული მექანიზმის ფარგლებში მუშაობდა, ახლა ჩვენ დავინახეთ, რომ არის სხვა მექანიზმზე გადასვლის შესაძლებლობა და მიმდინარეობს ძალისხმევა ამ შესაძლებლობის დაკონკრეტებისთვის," - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ფიდანმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა გემმა შეძლო უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვიდან რუსეთთან შეთანხმების გარეშეც გატანა.

"ჩვენ გვინდა ამ დე ფაქტო (სიტუაციის) გარკვევა და ახალი მექანიზმის ჩამოყალიბება," - თქვა მან.

კონტექსტი

29 იანვარს კრემლმა განაცხადა, რომ პუტინი თებერვალში თურქეთში ვიზიტს გეგმავს.

31 იანვარს Reuters-მა თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ პუტინი თურქეთში 12 თებერვალს შეიძლება ჩავიდეს.

რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან 2023 წლის ივლისში ცალმხრივად გამოვიდა და მას შემდეგ არაერთხელ დაბომბა უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურა და პორტები. ეს შეთანხმება გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შედგა უკრაინის პორტებიდან უსაფრთხო ექსპორტის უზრუნველსაყოფად.

დეკემბრის მდგომარეობით, შავი ზღვის დროებითი დერეფნის გავლით იუჟნის, ოდესისა და ჩერნომორსკის პორტებიდან 7 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის ექსპორტი მოხდა, საიდანაც თითქმის 5 მილიონი ტონა უკრაინელი ფერმერების პროდუქციაა.

მსგავსი სიახლეები