თურქეთი ისრაელში 54 ჯგუფის საქონლის ექსპორტს ზღუდავს
თურქეთმა ისრაელში 54 ჯგუფის საქონლის ექსპორტზე შეზღუდვები გამოაცხადა, გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა.
ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა.
9 აპრილს, სამინისტრომ ისრაელში 54 ჯგუფის საქონლის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესება გამოაცხადა, მათ შორის ფოლადი, მარმარილო, კერამიკა, ცემენტი, ბეტონის მიქსერები და ექსკავატორები, სხვადასხვა ტიპის კაბელები და მავთულები და მინერალები.
გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
"ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება მანამ, სანამ ისრაელი, საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების ფარგლებში, არ გამოაცხადებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და შესაძლებელს არ გახდის ჰუმანიტარული დახმარების საკმარისი და უწყვეტი ნაკადის შესვლას ღაზაში," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თურქეთის ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ისინი დიდი ხანია კრძალავენ ისრაელში ისეთი პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტს, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ.
ესპანეთმა ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა უკვე შეწყვიტა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს ისრაელთან ურთიერთობას.
კონტექსტი
ღაზას სექტორში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია. "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმის შემდეგ სექტორში 32 ათასზე მეტი პალისტინელი დაიღუპა.
IPC Global Initiative-ის მიერ გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, ღაზაში 677 ათას ადამიანს საკვების კატასტროფული ნაკლებობა აქვს. წყლის დეფიციტის გამო კი საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვა ტიპის დაავადებების გავრცელების საფრთხეზე საუბრობენ.
ამ ფონზე ისრაელის ხელისუფლება ღაზას სექტორის უკიდურეს სამხრეთში, ქალაქ რაფაზე შეტევას აანონსებს, სადაც ამჟამად მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება, რომელთა უმრავლესობაც დევნილია.