თურქეთიდან რუსეთში სანქცირებული ტვირთების იმპორტის მოცულობა გასამმაგდა

თურქეთიდან რუსეთში იმპორტირებული სანქცირებული და პოტენციურად სამხედრო დანიშნულების მქონე პროდუქციის მოცულობა მიმდინარე წელს გასამმაგდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ თურქეთის ქცევა ხელს უშლის დასავლეთის მიერ რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისთვის დაწესებული სანქციების ეფექტურობას. 

სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ ჩადის აშშ-ს სანქციების ერთ-ერთი კოორდინატორი ბრაიან ნელსონი სტამბოლში - მიმდინარე წელს ეს ნელსონის მეორე ვიზიტია თურქეთში. 

საუბარი 45 დასახელების "სენსიტიურ" პროდუქციაზე, მათ შორის კომპიუტერულ ჩიპებზე, ნახევარგამტარებსა და სხვა მოწყობილობებზე, რომლებიც კრიტიკული მნიშვნელობისაა რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისთვის. 

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროდუქცია როგორც წესი მესამე ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი, ხშირია შემთხვევები, როდესაც პროდუქცია პირდაპირ რუსეთში იგზავნება. 

აშშ-ს მონაცემებით, საუბარია ჯამურად 158 მილიონი დოლარის ღირებულების "სენსიტიურ" პროდუქციაზე, რომელიც მესამე ქვეყნების გავლით თურქეთიდან რუსეთში აღმოჩნდა. ეს მოცულობა სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. 

 

მსგავსი სიახლეები