თურქეთის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვას იწყებს

თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვას იწყებს. 

Reuters-ის ინფორმაციით, კომიტეტი საკითხის განხილვას 16 ნოემბერს დაიწყებს.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და ნატო-ს წევრობის შესახებ განაცხადი შეიტანეს.

კონტექსტი 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლზე ხელმოწერისგან თავს იკავებდა, რადგან სტოკჰოლმს თურქეთის მიერ ტერორისტებად გამოცხადებული ეთნიკური ქურთების მფარველობაში ადანაშაულებდა.

გარდა ამისა, ანკარას უკმაყოფილება ივნისში სტოკჰოლმის ცენტრში გამართულმა ანტი-თურქულმა და ანტი-ისლამურმა აქციებმა გამოიწვია, რომლის დროსაც დემონსტრანტებმა ყურანი დაწვეს. მიუხედავად ამისა, 23 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერა და რატიფიკაციისთვის პარლამენტს გაუგზავნა.

31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.

იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსს შეუერთდეს, გაფართოების პროცესს ნატო-ს აბსოლუტურად ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი.

ამჟამად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთადერთი წევრი სახელმწიფო, რომლის პარლამენტსაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია, უნგრეთია.

გარდა იმისა, რომ უნგრეთი შვედეთის გაწევრიანების პროცესს აფერხებს, პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი შვედ პოლიტიკოსებს უნგრეთის დემოკრატიულ ვითარებასთან დაკავშირებით „უხეში ტყუილის“ თქმაში ადანაშაულებს.

25 სექტემბერს უნგრეთის პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნაზე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განხილვის დაწყებას არ ჩქარობს, რადგან შვედეთის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება.

8 ნოემბერს უნგრეთის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მხარს უჭერს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას და უნგრეთის პარლამენტს „სწრაფი და გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ“ მოუწოდა.

 

მსგავსი სიახლეები