თურქეთში მიწისძვრის შედეგად 35 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

6 თებერვალს სამხრეთ თურქეთში მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 35 418 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სამშაბათს ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

გასულ კვირას თურქეთში 7.7 და 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა, რამაც უმძიმესი ზიანი მიაყენა თურქეთის 10 პროვინციას. დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

ბიძგები რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სირიაში, ლიბანსა და ისრაელშიც იგრძნეს.

ანკარაში, მთავრობის სხდომის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა თქვა, რომ "13 208 დაშავებული კვლავ მკურნალობს ჩვენს საავადმყოფოებში."

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად ადგილზე 249 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში.

AFAD-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან ამ დროისთვის ევაკუირებულია თითქმის 195 962 ადამიანი.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში ამჟამად 82 ქვეყნიდან სულ 9046 უცხოელი მაშველი მუშაობს.

მსგავსი სიახლეები