თურქული Baykar უკრაინაში დრონების წარმოებაში $100 მილიონის ინვესტიციას ჩადებს

Bayraktar TB-2-ის ტიპის დრონის მწარმოებელი თურქული კომპანია Bakar უკრაინაში დრონების წარმოებაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. 

ამის შესახებ შეიარაღების საერთაშორისო ფორუმზე მყოფმა კომპანიის დირექტორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა. 

ბაირაქტარის თქმით, დრონების საწარმო უკრაინაში 2025 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას და 300 ადამიანი იქნება დასაქმებული. მისი თქმით, უკრაინაში უკვე მოქმედებს კომპანიის სერვისის ცენტრი და ოფისი. 

კონტექსტი

უკრაინაში თურქული დრონების საწარმოს მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება ჯერ კიდევ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, 2022 წლის თებერვალში შედგა. 

შესაბამისი ლიცენზია სახელმწიფოსგან კი Baykar-მა მიმდინარე წლის ივნისში მიიღო. ლიცენზიით კომპანიას ენიჭება უფლება უკრაინაში 2 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სრული ციკლი ააწყოს. საუბარია TB-2-ისა და Akinci-ს ტიპის აპარატებზე. 

Akinci თურქული კომპანიის მიერ გამოშვებული ბოლო და ყველაზე თანამედროვე მოდელია, რომლის სერიული წარმოებაც 2022 წელს დაიწყო.

საყურადღებოა, რომ უკრაინაში წარმოებული თურქული დრონები აღჭურვილი იქნება უკრაინული წარმოების ძრავებით. 

 

 

მსგავსი სიახლეები