თურქული მედია: ერდოღანი საუდის არაბეთში ჩავა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 28 აპრილს საუდის არაბეთს ეწვევა, წერს გამოცემა Daily Sabah-ი.
ერდოღანი ახლო აღმოსავლეთის წამყვანი ნავთობ-მონარქიის ლიდერს, ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამად ბინ სალმანს შეხვდება.
ანკარას და ერ-რიადს შორის ურთიერთობა 2018 წელს, სტამბულის საკონსულოში საუდელი ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა.
ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ჯამალ ხაშოგის ლიკვიდაციაზე თანხმობა პირადად ტახტის მემკვიდრემ გასცა.
ერდოღანის განცხადებით, ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობის შესახებ ბრძანება „საუდის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან“ გასცეს.
ცოტა ხნის წინ თურქეთის სასამართლომ ხაშოგის საქმეზე პროცესი შეწყვიტა და საქმე საუდელ ორგანოებს გადასცა, რაც ორ სუნიტურ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის ნიშნად მიიჩნიეს.
ბოლო დროს თურქეთის პრეზიდენტი რეგიონის სხვა სუნიტურ ქვეყნებთან - ეგვიპტესთან და საამიროებთან - დაახლოებასაც ცდილობს, რომლებიც ერ-რიადის ახლო მოკავშირეები არიან.
ანალიტიკოსების აზრით, იმ ფონზე, როცა თურქეთის ეკონომიკა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, ერდოღანი ახლო აღმოსავლეთის ნავთობ-მონარქიებიდან ინვესტიციების მოზიდვას და რეგიონში სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას ცდილობს.
იანვარში თურქეთმა ლირის გასამყარებლად საამიროებთან 4.9 მილიარდი დოლარის ე. წ. „ვალუტის გაცვლის“ ოპერაციას მოაწერა ხელი.