ISW: რუსეთს დონბასში გამარჯვებისთვის საკმარისი ძალები არ ეყოლება
როგორც მინიმუმ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთი დონბასში გარდამტეხი გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო ძალების მობილიზებას ვერ შეძლებს, ინფორმაციას ამის შესახებ CNN ომის შესწავლის ინსტიტუტზე [ISW] დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენი შეფასებით მომდევნო რამდენიმე კვირის - შესაძლოა თვეების განმავლობაშიც - რუსეთს გაუჭირდება ბრძოლისუნარიანი მექანიზებული დანაყოფების მობილიზება დონბასში წარმატებული ოპერაციისთვის. მაღალი ალბათობით რუსეთი გააგრძელებს ძალიან დაზიანებული და ნაწილობრივ გადაჯგუფებული ნაწილების გადასროლას შეტევისთვის, რამაც შესაძლოა მოიტანოს გარკვეული წარმატება, თუმცა ძალიან მაღალ ფასად", - ამბობენ გამოცემასთან საუბარში ინსტიტუტის ექსპერტები.
სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთს ძალიან გაუჭირდება უკვე ბრძოლაში ნამყოფი ძალების გადაჯგუფება და დონბასში გამოყენება, რადგანაც ეს ძალები ძალიან დაზიანებულები და დემორალიზებულები არიან, განსაკუთრებით ის ნაწილები, რომლებიც კიევის მისადგომებთან იმყოფებოდნენ.
არსებული მონაცემებით თავდასხმამდე უკრაინის საზღვართან რუსეთმა 120 ბატალიონ-ტაქტიკური დაჯგუფება განათავსა. CNN-ის მიერ გამოკითხული ევროპელი ჩინოვნიკის ცნობით, ამ 120 დაჯგუფებიდან უკრაინულ არმიასთან შეტაკებების შედეგად მეოთხედი არაბრძოლისუნარიანია.
ხაზგასასმელია, რომ ევროპელი ჩინოვნიკის შეფასებისგან არსებითად განსხვავდება პენტაგონის ცნობები - აშშ-ს თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთმა შეინარჩუნა თავდაპირველი ბრძოლისუნარიანი დაჯგუფებების 85%.
ომის კვლევის ინსტიტუტში ეს შეფასება გაზვიადებულად მიაჩნიათ, მაგრამ ამბობენ, რომ მომდევნო დღეები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მაინც ძალიან რთული იქნება.
ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, რუსეთმა შესაძლოა მიაღწიოს გარკვეულ წარმატებებს და დაიკავოს ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების გარკვეული ნაწილები.
მანამდე ომის კვლევის ინსტიტუტი იტყობინებოდა, რომ მომდევნო კვირებში გარდამტეხი ბრძოლის ადგილი დონბასში მდებარე ქალაქი სლავიანსკი იქნებოდა.