უფლებას ვიტოვებთ იმ ქვეყნების ობიექტები დავბომბოთ, რომელთა იარაღითაც გვიტევენ - პუტინი

ვლადიმირ პუტინი რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროს დაბომბვას გამოეხმაურა, რომელშიც უკრაინული გენშტაბის ცნობით, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა იქნა გამოყენებული.

პუტინის თქმით, დარტყმა ქალაქ დნიპროში მდებარე "იუჟმაშის" ინდუსტრიულ საწარმოზე საშუალო რადიუსის ახალი ბალისტიკური ჰიპერბგერითი რაკეტით განხორციელდა, სახელწოდებით "ორეშნიკი".

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი დაუანონსებელ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. 

პუტინის თქმით, ეს არის პასუხი დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენების არეალზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაზე. რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკრაინამ უკვე გამოიყენა ამერიკული წარმოების ATACAMS-ები და ბრიტანული წარმოების Storm Shadow/Scalp-ები კურსკისა და ბრიანსკის ოლქში არსებულ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.

პუტინის თქმით, კურსკის ოლქში ბრიტანული რაკეტების დარტყმის შედეგად არიან მოკლულებიც, ხოლო ბრიანსკის ოლქში რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ამერიკული რაკეტები ჰაერშივე გაანეიტრალა.

მისი თქმით, დასავლეთის გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ომის ტრაექტორიას, ხოლო რუსეთი მსგავსი სისტემების გამოყენებას მომავალშიც არ გამორიცხავს - რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ დროისთვის მსოფლიოში არ არსებობს საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც აღნიშნული რაკეტების განეიტრალებას შეძლებს.

ამასთანავე, ვლადიმირ პუტინი მორიგ ჯერზე დაემუქრა დასავლეთის სახელმწიფოებს - "ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ჩვენი შეიარაღება იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომელთა წარმოების შეიარაღებითაც გვიტევენ".

პუტინის განცხადებით, ახალი ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტების სამიზნეები მომავალში რუსეთის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით განისაზღვრება.

 

მსგავსი სიახლეები