უიღურების გენოციდი: გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი ჩინეთში ჩავა
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელეტი აცხადებს, რომ მაისში ჩინეთში ჩავა.
ვიზიტის ფარგლებში ბაშელეტი სინძიანის პროვინციასაც ეწვევა.
პეკინს საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი და უფლებადამცველი ორგანიზაციები სინძიანში მცხოვრები მუსლიმი უიღურების რეპრესიასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ჩინეთი უიღურების და სხვა ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს.
გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი ჩინეთში ბოლო ოცდაორი წელია არ შემდგარა.
„შეშფოთებული ვარ, თუ როგორ ეპყრობა პეკინი იმ ჩინელებს, ვინც ადამიანის უფლებებზე ხმას იმაღლებს. [მათ] თავისუფლებებს უზღუდავენ და ხშირად უფლებადაცვითი საქმიანობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ ექცევიან“, - აცხადებს ბაშელეტი.
ბოლო წლებში პეკინმა კონტროლი გაამკაცრა ჰონგ-კონგზე, რომელიც აქამდე ფართო ავტონომიით სარგებლობდა.
ქალაქში ჩინური უშიშროების ორგანოები სამოქალაქო აქტივისტებს დევნიან და დამოუკიდებელ მედიას ცენზურის ქვეშ აქცევენ.