უხარისხო მშენებლობები, კორუფცია - რომელი კომპანია ააშენებს ანაკლიის პორტს?

29 მაისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშოროსო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა. 

"20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) პირველადი შეფასებით წინადადება სრულყოფილადაა წარმოდგენილი და დიდი შანსია, რომ კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადოს. ამისთვის რამდენიმე დაზუსტებაა საჭირო და ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად." - თქვა დავითაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკურსში სწორედ ეს ჰოლდინგი გაიმარჯვებს.

ამ კომპანიას სხვადასხვა კონტინენტზე განვითარებად ქვეყნებში უხარისხო მშენებლობის, შრომითი ექსპლუატაციის, გარემოს დაბინძურების, კორუფციის, მოსყიდვის და ვალის მდგრადობის დარღვევის დიდი ისტორია აქვს.

რა ვიცით CCCC-ს შესახებ?

China Communications Construction Company (CCCC) არის მულტინაციონალური საინჟინრო და სამშენებლო კომპანია, რომლის 63.8%-იან წილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ფლობს, ხოლო აქციონერები Merrill Lynch, BlackRock და JPMorgan Chase არიან.

CCCC ჩინეთის "ერთი სარტყელი, ერთი გზა" ინიციატივის მთავარი კონტრაქტორია.

ძირითადი ფაქტები კომპანიის შესახებ:

  • 2009 წელს ფილიპინებში საგზაო პროექტის სატენდერო პროცესში თაღლითობის აღმოჩენის გამო "მსოფლიო ბანკმა" CCCC-ს გზებისა და ხიდების პროექტებში მონაწილეობა რვა წლით აუკრძალა.
  • ეკვადორში, CCCC-ს შვილობილმა კომპანიამ 2014 წელს გააფორმა კონტრაქტი მოწინავე ტექნოლოგიების განათლების ცენტრის აშენებაზე, მაგრამ ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტოებმა განაცხადეს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე მშენებლობის შემდეგ, კამპუსის ობიექტების 80%-ზე მეტი გამოუსადეგარია სტრუქტურული ხარვეზების გამო.
  • 2018 წელს ბანგლადეშმა CCCC-ის შვილობილი კომპანია შავ სიაში შეიყვანა საჯარო მოხელეების მოსყიდვის მცდელობისთვის.
  • 2018 წელს მალაიზიის მთავრობამ შეაჩერა CCCC-ის სარკინიგზო პროექტი კორუფციისა და Overbilling-ის (ზედმეტის გადახდევინების პრაქტიკა) გამო.
  • 2018 წელს CCCC-ის შვილობილი კომპანია კენიაში ამხილეს, რომ ადგილობრივ მუშახელს ჩინელი მუშახელის ანაზღაურების მესამედს უხდიდა.
  • 2020 წელს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა CCCC-ის ხუთი შვილობილი კომპანია დაასანქცირა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო პუნქტების მშენებლობისთვის, რომლებიც ემუქრებიან სუვერენიტეტს და აზიანებენ გარემოს.
  • 2020 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა "კომუნისტური ჩინეთის სამხედრო კომპანიების" სია, რომელშიც CCCC იყო.

მსგავსი სიახლეები