უკრაინა: 4 ოქტომბერს რუსების თავდასხმა 10 დასახლების ტერიტორიაზე მოვიგერიეთ

4 ოქტომბერს უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლების თავდასხმები 10 დასახლების ტერიტორიაზე მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე ავრცელებს.

"მიმდინარე დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები მაიორსკის, ვიემკას, სადავო, ოზერიანოვკას, ზაიცევოს, ბახმუტის, ბახმუტსკოეის, ვესელოეს, პერვომაისკოეს და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 12 დარტყმა განახორციელა.

"დადასტურდა მტრის ორი გამაგრებული პუნქტის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის რვა ადგილის, ასევე მტრის ორი საზენიტო-სარაკეტო სისტემის განადგურება. გარდა ამისა, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის ორი უპილოტო საფრენი აპარატი. მიმდინარე დღის განმავლობაში სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ დაარტყა სამეთაურო პუნქტს, ასევე ოკუპანტთა ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ორ ზონას", - აცხადებენ  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესცენტრში.

ასევე, გენერალურმა შტაბმა განმარტა დამპყრობლების დანაკარგები 3 ოქტომბრისთვის.

"განახლებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს უკრაინის სამხრეთით დადასტურდა თავდაცვის ძალების მიერ მოწინააღმდეგის 30-მდე სამიზნის განადგურებს. მტერი დემორალიზებულია, ტოვებს პოზიციებს, უკან იხევს უსაფრთხო მანძილზე, ანადგურებს საბრძოლო მასალის მარაგს, ცდილობს გაანადგუროს ხიდები და გადასასვლელები. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ შეანელოს ჩვენი ჯარის შეტევის ტემპი", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები