უკრაინა: 70-დან 60 რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვაგდეთ

5 დეკემბერს, საჰაერო თავდაცვამ, უკრაინის მიმართულებით გასროლოლი 70-ზე მეტი რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 60-ზე მეტი ჩამოაგდო. ამ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის პრესცენტრი ფეისბუქზე ავრცელებს.

უკრაინული მხარის პირველადი ინფორმაციით, მასობრივი სარაკეტო თავდასხმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ისახავდა მიზნად.

რუსებმა 8 სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-95-დან უკრაინის მიმართულებით 38 ფრთოსანი რაკეტა X-101/X-555 გაუშვეს.

გარდა ამისა, ოკუპანტებმა უკრაინა კასპიის ზღვის ფლოტილიის გემებიდან "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებითაც დაბომბეს.

ამასთანავე, შავი ზღვის აკვატორიიდან, სტრატეგიული ბომბდამშენი Tu-22M3-ებით რუსებმა 3 ფრთოსანი რაკეტა X-22 ისროლეს, Su-35-ებიდან კი 6 X-59 და ერთი X-31P.

ჯამში უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ 60-ზე მეტი რაკეტა ჩამოაგდო.

დღესვე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საჰაერო თავდაცვის ძალებს, ენერგეტიკოსებს და ყველა უკრაინელს.

კონტექსტი

5 დეკემბერს, 13:00 საათის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიბომბა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. კერძოდ, ცნობილი გახდა ოდესის რეგიონში ორი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაზიანების შესახებ, კრივოი როგის ნაწილი (დნეპროპეტროვსკის ოლქი) და სუმის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10-მდე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.

ამავდროულად, საჰაერო თავდაცვამ კიევის რეგიონში დაფიქსირებული 10 რუსული რაკეტიდან 9 გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები