უკრაინა: დონბასში რუსების შეტევა ექვს დასახლებულ პუნქტთან მოვიგერიეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღეში დონეცკის ოლქის ექვს დასახლებულ პუნქტთან რუსი დამპყრობლების თავდასხმები მოიგერია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე 8 ოქტომბერს განაცხადა.

"[მტერი] პერიოდულად ატარებს შეტევით ოპერაციებს ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით. მიმდინარე დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ბელოგოროვკას, ბახმუტსკოეს, ბახმუტის, მაიორსკის, კრასნოგოროვკას და ტერნის დასახლებების რაიონებში". - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ დამპყრობლები ცდილობენ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას და "გარკვეული მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევის შეკავებაზე კონცენტრირდნენ".

"მტერი ბომბავდა ჩვენი ჯარების პოზიციებს ფრონტის ხაზის გასწვრივ და უპილოტო საფრენი აპარატებით ზვერავდა ჩვენ პოზიციებს", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის ავიაციამ ერთ დღეში შვიდი ზუსტი დარტყმა მიაყენა მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებს და ჩამოაგდო მტრის ერთი უპილოტო საფრენი აპარატი Orlan, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ დაბომბეს ცოცხალი ძალის, იარაღის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის რვა ზონა, საბრძოლო მასალის ორი საცავი და ათი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი.

მსგავსი სიახლეები