უკრაინა: ერთ დღეში რუსების 3 ვერტმფრენი და 3 დრონი ჩამოვაგდეთ
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის არმიამ 15 დარტყმა განახორციელა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე. ამ ინფორმაციას 8 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"დღის განმავლობაში ავიაციამ 10 დარტყმა მიაყენა მტრის კონცენტრაციის ზონებს, ასევე ორი დარტყმა მის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებს. უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ორ რაიონში დაბომბეს რუსების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის, საწვავისა და საპოხი მასალების საწყობი", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, უკრაინელმა სამხედროებმა გამოაცხადეს უკრაინის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული სამიზნეების რაოდენობა.
"ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს მტრის სამი უპილოტო საფრენი აპარატი (სავარაუდოდ ორლანის ტიპის) და სამი ვერტმფრენი: ერთი Mi-24 და ერტი Ka-52, ხოლო კიდვ ერთის ტიპი ზუსტდება", - განმარტავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
ჯამში, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 იანვრამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსების 272 ვერტმფრენი და 1 849 ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი განადგურდა.