უკრაინა: ხარკოვის ოლქის სოფელი კუპიანსკ-უზლოვი რუსებისგან გათავისუფლდა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ კუპიანსკ-უზლოვიზე კონტროლი აიღეს. ამის შესახებ ეროვნული ტელემარათონის ეთერში ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუს სამხედროებს ჰქონდათ რამდენიმე ძირითადი მიმართულება ხარკოვის რეგიონში, პირველ რიგში, იზიუმი და ეგრეთ წოდებული იზიუმის სიმაღლე, რომლის მეშვეობითაც ისინი სამხედრო ტექნიკას გზავნიდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე.
"და, რა თქმა უნდა, კუპიანსკ-უზლოვი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოჯისტიკური, სარკინიგზო კვანძი ხარკოვის რეგიონში. ფართომასშტაბიანი ომის პირველივე საათებიდან ის ოკუპირებული იყო და მტერი საკმაოდ მტკიცედ იცავდა მას. წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ეს დასახლება და ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებენ მას", - განაცხადა სინეგუბოვმა.
ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ხარკოვის რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით 6% ოკუპირებულია.