უკრაინა: ხარკოვის რეგიონში და ბახმუტთან რუსების თავდასხმები მოვიგერიეთ
ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, 13 ივლისს, 18:00 საათისთვის, რუსმა სამხედროებმა უკრაინის პოზიციებზე არაერთი საარტილერიო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მაგრამ წარმატებას ვერცერთ მიმართულებაზე ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 13 ივლისს ფეისბუქზე განაცხადა.
"სევერსკის მიმართულებით, მტერმა ნაღმტყორცნებით დაბომბა სუმის რეგიონის ვოლკოვკას, ვოლფინის და პოკროვკას დასახლებების ტერიტორიები. ასევე სუმის რეგიონში, მან უპილოტო საფრენი აპარატებით დაზვერა ზარუცკი, შალიგინო და სტარიკოვო", - ნათქვამია განცხადებაში.
ხარკოვის მიმართულებით დამპყრობლები ძირითად ძალისხმევას უკრაინის ჯარების წინსვლის აღკვეთაზე მიმართავენ, აღნიშნა გენერალურმა შტაბმა.
"კიდევ ერთხელ, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმა დემენტიევკას მიმართულებით. ამჟამად, მტერი ავსებს მარაგს და ცდილობს განაახლოს დანაყოფები, რომლებმაც განიცადეს პერსონალისა და სამხედრო აღჭურვილობის დანაკარგები", - აცხადებს უკრაინული მხარე.
ამავდროულად, რუსებმა დაბომბეს ხარკოვი, დემენტიევკა, სტარი სალტოვი და ხარკოვის რეგიონის ათზე მეტი დასახლება.
სლავიანსკის მიმართულებით, მტერმა განაგრძო დაბომბვა, დაიწყო საჰაერო დარტყმები დონეცკის ოლქის მაზანოვკას მახლობლად.
"ჩვენმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა ივანოვკასა და დოლინის მიმართულებით და უკან დაახევინეს ოკუპანტებს", - აღნიშნა უკრაინის გენერალურმა შტაბმა.
რუსები აგრძელებდნენ ბახმუტის მიმართულების დაბომბვას.
"მტრის თავდასხმის ყველა მცდელობა ვესელაია დოლინას, იაკოვლევკასა და ვერშინას მიმართულებით ჩვენმა ჯარისკაცებმა ზუსტი ცეცხლით აღკვეთეს. ოკუპანტებმა უკან დანაკარგებით დაიხიეს." - ნათქვამია განცხადებაში.