უკრაინა: ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში მტრის თავდასხმები წარმატებით მოვიგერიეთ
უკრაინის ჯარები რუს დამპყრობლებს ქვეყნის აღმოსავლეთით ებრძვიან და მათ თავდასხმებს იგერიებენ. ამის შესახებ ინფორმაციას 5 ივლისს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"ხარკოვის მიმართულებით, მტერი იცავს ადრე დაკავებულ ხაზებს. რუსეთი გვიტევდა სოსნოვკას მახლობლად, მაგრამ წარმატება არ ჰქონდათ და უკან დაიხიეს. ასევე მათ საჰაერო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის რეგიონში. სლავიანსკის მიმართულებით მტერი ცდილობს გააუმჯობესოს თავისი ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიციები. ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმა კრასნოპოლიეს [დონეცკის ოლქი] მიდამოებში", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ დონეცკის მიმართულებით დამპყრობლები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ ბახმუტ-ლისიჩანსკის გზაზე კონტროლის მოსაპოვებლად და ლუგანსკის რაიონის სოფელ ბელოგოროვკას დასაკავებლად.
"კრამატორსკის მიმართულებით ბრძოლა გრძელდება ბელოგოროვკას [დონეცკის ოლქი] მიდამოში. ბახმუტის მიმართულებით მტერმა ნაღმმტყორცნებით, ქვემეხებით და სარაკეტო არტილერიით დაბომბა ჩვენი ჯარები კოდემასს პოკროვსკოეს, ზაიცევოს, ჟელესნოეს და ნოვოსელოვკას დასახლებების მიდამოებში. საარტილერიო და ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციის მხარდაჭერით, დამპყრობლები გვიტევდნენ სპორნოესა და ვერშინას რაიონებში. ბრძოლა გრძელდება," - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ავდეევკას, კურახოვსკის, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე ოკუპანტები არტილერიით ბომბავენ მთელ ფრონტის ხაზს.