უკრაინა: ხერსონში, ბლაგოდატნოეს მახლობლად შეტევა დავიწყეთ
რუსეთის საოკუპაციო ძალების ნომერ პირველი ამოცანა ფრონტის გამაგრება და ხერსონის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შეჩერებაა.
ამის შესახებ 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ ოლექსი გრომოვმა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.
"მტერი ასეთი ამოცანის გადაჭრას უპირველეს ყოვლისა "ნაწილობრივი" მობილიზაციის პირველი ტალღით და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების რაოდენობის გაზრდით გეგმავს. დღეს, სამხრეთ ბუჟის საოპერაციო რაიონში ჩვენი ჯარების წინსვლის შესაკავებლად, მტერმა 45-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი (BTG) შეაგროვა, რომლებიც თავდაცვის ხაზებს ამაგრებენ", - განაცხადა გრომოვმა.
მისი თქმით, ოკუპანტები ცდილობენ განაახლონ დნეპერის გადაკვეთა, რათა უზრუნველყონ თავიანთი ჯარების მომარაგება.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ მტრის პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებისა და პოზიციების დაბომბვას. ნადგურდება გადასასვლელები, გრძელდება საბრძოლო მასალის, საწვავის და საპოხი მასალების საწყობების განადგურება. მოწინააღმდეგის დამხმარე მარშრუტები საცეცხლე კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა გრომოვმა.
გენერალური შტაბის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ბლაგოდატნის რაიონში შეტევითი ოპერაციების ჩატარებისას, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გააუმჯობესეს ტაქტიკური მდგომარეობა.