უკრაინა: მელიტოპოლში 200 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში, დაბომბვის შედეგად დაიღუპა და დაიჭრა 200-მდე ოკუპანტი. ამ ინფორმაციას 10 დეკემბერს, ქალაქის უკრაინელი მერი ივან ფედოროვი ავრცელებს.
მისი თქმით, ხანძრები ქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე რუსული ჯარების ბაზებზე გაჩნდა. ფედოროვი მათი გაჩენის მიზეზზე მხოლოდ მინიშნებებით საუბრობს. მერის თქმით, დაჭრილების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ოკუპანტებმა ანექსირებული ყირიმიდან სასწრაფო დახმარების მანქანები შემოიყვანეს მათ გადასაყვანად.
ამ დრომდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ მელიტოპოლზე დარტყმების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. იმავდროულად, რუსეთის მიერ დანიშნულმა ზაპოროჟიეს რეგიონის ანექსირებული ნაწილის "ხელმძღვანელმა" ევგენი ბალიცკიმ დაადასტურა მელიტოპოლზე დარტყმა.
მისი თქმით, უკრაინელებმა რეკრეაციული ცენტრი დაბომბეს, "სადაც ხალხი, მშვიდობიანი მოქალაქეები შაბათს საღამოს სადილობდნენ, ბაზის პერსონალი მუშაობდა". მისი თქმით, დაიღუპა 2 და დაშავდა 10 ადამიანი, რეკრეაციული ცენტრი კი მთლიანად განადგურდა. უკრაინული მედია, ამ განცხადების კომენტირებისას წერს, რომ რუსული სარდლობა ხშირად იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეკრეაციულ ცენტრებსა და სასტუმროებს სამხედროების განსათავსებლად.
თავის მხრივ, ზაპოროჟიეს რეგიონის საოკუპაციო "ადმინისტრაციის" წარმომადგენელმა ვლადიმერ როგოვმა განაცხადა, რომ მელიტოპოლში მდებარე რეკრეაციული ცენტრი "Привал охотника" HIMARS-ის სარაკეტო სისტემებით დაბომბეს. როგოვის თქმით, ორი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.
მელიტოპოლი ფრონტის ხაზიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს.