უკრაინა ნატოს ცის ‘დაკეტვას’ სთხოვს - რა უნდა ვიცოდეთ არასაფრენი ზონის შესახებ?

 

ომის პირველი დღიდან კიევი უკრაინის საჰაერო სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ითხოვს.

„ნუ დაუშვებთ უკრაინის სირიად გადაქცევას...იმოქმედეთ, სანამ გვიანი არ იქნება“, - ასე მიმართა უკრაინის მთავარმა დიპლომატმა ბრიუსელში შეკრებილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს.

ბოლო დღეებში უკრაინულ ქალაქებზე რუსულმა საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებმა ნათელი გახადა, რომ რუსული სამხედრო აგრესიის გაგრძელებას უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგი ექნება.

ონლაინ-პეტიციას, რომელიც უკრაინის ცის „დაკეტვას“ ითხოვს, მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

რუსეთისთვის უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას კიდევ უფრო მეტი მომხრე გამოუჩნდა მას შემდეგ, რაც 4 თებერვალს რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიის დაბომბვას ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურში ხანძრის გაჩენა მოჰყვა.

დასავლეთი უკრაინას თავდაცვითი შეიარაღებით ეხმარება, თუმცა რუსეთის წამოწყებულ ომში უკრაინის მხარეს საკუთარი სამხედრო ძალებით ჩართვას არ აპირებს.

„ჩვენ ამ კონფლიქტის მხარე არ ვართ“, - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა იენს სტოლტენბერგმა.

ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ რუსეთთან შეიარაღებულ კონფრონტაცია ომში ნატოსაც ჩაითრევს, რაც მოკავშირე ქვეყნებს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის.

რა არის არასაფრენი ზონა? და რა უშლის ხელს დასავლეთის მიერ უკრაინაში საჰაერო სივრცის ჩაკეტვას?

რას ნიშნავს არასაფრენი ზონა?

არასაფრენი ზონა ქვეყნის საჰაერო სივრცის გარკვეული ზონის ნაწილობრივ ან სრულ დემილიტარიზაციას გულისხმობს. საჰაერო ზონის კონტროლს, როგორც წესი, საკუთარ თავზე მესამე მხარე იღებს, რომელიც შეიარაღებულ კონფლიქტში არ მონაწილეობს.

არასაფრენი ზონის გამოცხადება საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით (როგორიცაა გაერო ან ნატო) ხდება. მხარეები საჰაერო სივრცეში არასაფრენი რეჟიმის აღსრულების პირობების შესახებ თანხმდებიან. საკუთარ ტერიტორიაზე არასაფრენი ზონის შემოღება კონფლიქტის მხარემ, ამ შემთხვევაში უკრაინამ, ცალმხრივადაც შეიძლება მოითხოვოს. ამ შემთხვევაში მესამე მხარეს ზონის კონტროლი სამხედრო ძალის გამოყენებით მოუწევს.

არასაფრენი ზონის გამოცხადებას, როგორც ჰუმანიტარულ ზომას, დასავლეთმა პირველად სპარსეთის ყურის ომის დროს, ერაყის დიქტატორ სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ მიმართა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა.

1991 წელს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ერაყის ავიაციას ქურთებით დასახლებულ ერაყის ჩრდილოეთში და შიიტებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთში საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს. 1991-2003 წლებში ზონის გასაკონტროლებლად დასავლურ ქვეყნებს თვითმფრინავების აფრენა 225 000-ჯერ მოუწიათ.

მსგავსი არასაფრენი რეჟიმები დაწესდა ბოსნია-ჰერცოგოვინაში, 1993-1995 იუგოსლავიის ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს და 2011 წელს ლიბიაში, როცა ლიბიელების დიდი ნაწილი დიქტატორ მუამარ კადაფის წინააღმდეგ აჯანყდა. უკანასკნელ ორ შემთხვევაში არასაფრენი ზონის პატრულირება ნატოს ძალებმა იკისრეს.

არასაფრენი ზონის მომხრეები აცხადებენ, რომ ომში ნატოს ჩათვლა პუტინის გათვლებს მნიშვნელოვნად შეცვლის. როგორც ომის პირველმა დღეებმა აჩვენა, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას „ბლიცკრიგის“ ტაქტიკის გამოყენებით აპირებდა, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მედგარი წინააღმდეგობის შედეგად ვერ მოახერხა.

ახლა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ უკვე სრულმასშტაბიანი ომის წარმოება უწევს - გაზრდილი მატერიალური და ადამიანური დანაკარგებით. ომში სამხედრო კუთხით უპირატესი მოთამაშის - ნატოს - ჩართვამ შესაძლოა კრემლის სამხედრო ამბიციები მოთოკოს, ირწმუნება ექსპერტები ნაწილი.

არასაფრენი ზონის გამოცხადება, თუნდაც უკრაინის საჰაერო სივრცის მცირე ნაწილზე (მაგალითად, ლვოვში), კიევის დაცემის შემთხვევაში უკრაინული წინააღმდეგობის მოძრაობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს. უკრაინის ხელისუფლება ფუნქციონირების გაგრძელებას ნატოს საჰაერო ქოლგის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიაზე შეძლებს, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი ტაქტიკური უკან დახევის და გადაჯგუფების სივრცეს მიიღებენ.

თუმცა, ისტორია გვიჩვენებს, რომ არასაფრენის ზონის შემოღებას მნიშვნელოვანი სირთულეები ახლავს. მხარე, რომელიც არასაფრენ ზონას აცხადებს, ამ რეჟიმის აღსრულებისთვის მზად უნდა იყოს.

ერაყში და ლიბიაში მოწინააღმდეგის საჰაერო და საზენიტო ძალების წინააღმდეგ ბრძოლა დასავლეთისთვის - რაოდენობრივი და ხარისხობრივი სამხედრო უპირატესობის ხარჯზე - რთული არ იყო.

რუსეთის წინააღმდეგ იმავეს განმეორება სხვა რისკების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.

ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ფილიპ ბრიდლავის თანახმად, ზონის გასაკონტროლებლად ნატოს ძალებს რუსეთის ანტისაჰაერო შესაძლებლობების წყობიდან გამოყვანა მოუწევთ, რაც მათ სარადარო და საზენიტო სისტემებზე დარტყმებს მოითხოვს. „ეს, ფაქტობრივად, [რუსეთისთვის] ომის გამოცხადებას ნიშნავს“, - აცხადებს გენერალი.

ვაშინგტონში შიშობენ, რომ მოსკოვთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში შესვლა შესაძლოა მასშტაბურ - მათ შორის, ბირთვულ - დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

„არასაფრენ ზონაში აშშ-ს მონაწილეობა ამერიკელი სამხედროების მიერ, ფაქტობრივად, რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას ნიშნავს“, - აცხადებს თეთრი სახლი.

არასაფრენ ზონას სხვა შეზღუდვებიც აქვს.

ბოსნიაში არასაფრენი რეჟიმის დროს ნატოს ვერტმფრენების - რომლებიც დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ - კონტროლი უჭირდა. სავარაუდოდ, დღეს ანალოგიურ სირთულეს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება შექმნის.

ამას გარდა, არასაფრენი ზონა კონფლიქტის მხარეებს ხელს არ უშლით, საომარი ქმედებები ხმელეთზე აწარმოონ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი უკრაინაში საჰაერო უპირატესობას დაკარგავს, მას საარტილერიო და სხვა მძიმე ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა ექნება.

მსგავსი სიახლეები