უკრაინა: ოკუპანტების შეტევები ხარკოვისა და დონეცკის 11 დასახლებასთან მოვიგერიეთ
7 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების არაერთი თავდასხმა მოიგერია ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საღამოს შეჯამებაში განაცხადა.
"თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ პოზიციების შენარჩუნებას და ხელს უშლიან მტრის წინსვლას უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ მოვახერხეთ რუსი დამპყრობლების თავდასხმების წარმატებით მოგერიება პიტომნიკის, რუსული ტიშკის, გრიგორიევკას, ზაიცევოს, მაიორსკი, ნიკოლაევკას, სოლედარის, ბახმუტსკოეს, ბახმუტის, დოლინას დასახლებებში", - ნათქვამია შეჯამებაში.
უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო დაჯგუფებების მოქმედებების მხარდასაჭერად, თავდაცვის ძალების ავიაციამ 14-ზე მეტი დარტყმა განახორციელა რუსების ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებზე.
"ჩვენი ჯარების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სხვადასხვა მიმართულებით გაანადგურეს ორი თვითმფრინავი Su-25, ერთი ვერტმფრენი Ka-52 და ორი უპილოტო საფრენი აპარატი", - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
"ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ჯარები და არტილერია აგრძელებენ საბრძოლო ამოცანების შესრულებას, მართვისა და კონტროლის სისტემის და ლოგისტიკური მხარდაჭერის მოშლას, მტრის ცოცხალი ძალისა და სამხედრო აღჭურვილობის განადგურებას." - შეაჯამეს უკრაინელმა სამხედროებმა.