უკრაინა: ომის დროს 90 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი დაიჭრა
რუსეთის ფედერაციის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 30 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, დაახლოებით 90 ათასი დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის, ქრისტიან-დემოკრატების (CDU) ფრაქციის დეპუტატების ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის სარდლობა ათასობით დაღუპულ და დაჭრილ სამხედროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად აცხადებს, რათა მათ ოჯახებს კომპენსაცია არ გადაუხადოს.
"24 თებერვლამდე რუსეთი აწარმოებდა ჰიბრიდულ ომს უკრაინაში. დღეს ეს არის ინტენსიური საომარი მოქმედებები", - განაცხადა რეზნიკოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგრესორი კვლავ აჭარბებს უკრაინას რესურსებით და უკრაინას სჭირდება მეტი შორი მოქმედების იარაღი მტრის გასანადგურებლად.
"ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწებს, ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ვიცავთ მთელ ევროპას. მოდით, ერთად დავამარცხოთ მტერი", - მიმართა მან გერმანელ პარტნიორებს.