უკრაინა: რუსების შტურმი ხარკოვის რეგიონზე შეჩერებულია
აღმოსავლეთით უკრაინის არმიამ რუსი დამპყრობლების მიერ ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდების არაერთი მცდელობა აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას 4 ივლისს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"ხარკოვის მიმართულებით რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის და მის ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით მდებარე დასახლებების დაბომბვას. მტერმა ავიაიერიშები პეტროვკას მახლობლადაც განახორციელა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა სასტიკად აღკვეთეს მტრის თავდასხმის მცდელობა სოსნოვკას დასახლების მიმართულებით და ოკუპანტმა უკან დაიხია", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ ჩერკასკი ტიშკოვის რაიონში (ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანი) მტერმა დისტანციურად დანაღმა ტერიტორია, სადაც კონტრ-ბატარეული ბრძოლა მიმდინარეობს.
"სლავიანსკის მიმართულებით, მტერი ცდილობს გააუმჯობესოს თავისი ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიციები. მტერი უტევს მაზანოვკას დასახლებას და ნაწილობრივ წარმატებაც აქვს." - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს.
უკრაინული მხარის ცნობით, დონეცკის, კრამატორსკის, ავდეევკის, კურახოვსკის, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე ოკუპანტები არტილერიით და სხვა იარაღით უტევენ.