უკრაინა: რუსების სპეცრაზმის დისლოკაციის ადგილი დავბომბეთ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუს ოკუპანტებს არაერთი ზუსტი დარტყმა მიაყენეს, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებით. ამის შესახებ ინფორმაციას 3 სექტემბერს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"გუშინ სახმელეთო დაჯგუფების მოქმედებების მხარდასაჭერად, უკრაინულმა ავიაციამ ხუთზე მეტი ავიადარტყმა განახორციელა, რომლის დროსაც დონეცკში და სამხრეთ ბაგის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა, ელექტრონული ომის საშუალებები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობა განადგურდა", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ფრონტის სხვადასხვა სექტორში გაანადგურეს ერთი ვერტმფრენი, სამი დრონი და ხუთი ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი".
"თავდაცვის ძალების სარაკეტო ჯარები და არტილერია აგრძელებენ საბრძოლო დავალებების შესრულებას, მოწინააღმდეგის მართვისა და კონტროლის სისტემის და ლოგისტიკური მხარდაჭერის გაწყვეტას. საარტილერიო ცეცხლით რუსების სამი საკონტროლო პუნქტი განადგურდა", - განმარტეს უკრაინის შეიარაღებული ძალებში.
უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ განადგურდა მოწინააღმდეგის პერსონალის ერთი ბაზა.
"ცეცხლის ქვეშ მოხვდა რუსული სპეცდანიშნულების რაზმი. ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ასევე განადგურდა საბრძოლო ტექნიკა და საბრძოლო მასალის საცავი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მტრის უნარი ჩაეტარებინა შეტევითი ოპერაციები", - აღნიშნეს უკრაინის გენერალურ შტაბში.