უკრაინა: რუსებს ხერსონის რეგიონში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ
რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ხერსონის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 7 სექტემბერს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ საღამოს შეჯამებაში განაცხადა.
უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ გოლაია პრისტანის მახლობლად, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად, მტრის დანაკარგმა შეადგინა დაახლოებით 70 ადამიანი, მათგან ნახევარზე მეტი დაიღუპა.
გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა ტავრისკის მახლობლად "აკაციას" ტიპის ორი თვითმავალი ჰაუბიცა და კიდევ ორი სხვა თვითმავალი ჰაუბიცა გაანადგურეს. გენერალური შტაბის განცხადებით, მიმდინარეობს რუსების ადამიანური ძალის დანაკარგების დაზუსტება.
"ასევე ცნობილი გახდა, რომ ხერსონის მიმართულებით მოქმედმა მტრის ერთ-ერთმა საარტილერიო ბატალიონმა დაკარგა პერსონალისა და აღჭურვილობის 60%-მდე და ის ახლა ბრძოლისთვის ქმედუუნაროდ ითვლება", - ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი დამპყრობლების დანაყოფებში ლოგისტიკის სირთულის გამო "საწვავის და საბრძოლო მასალის ნაკლებობაა".