უკრაინა: რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის 1026 დასახლება გავათავისუფლეთ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან ქვეყნის 1026 დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ 22 ივნისს Telegram-ზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს.
"სწრაფი აღდგენის გეგმის მომზადება გრძელდება - ეს არის რუსეთის შემოჭრის შედეგად დანგრეული სახლების, სკოლების, ბაღების, სამედიცინო დაწესებულებების სწრაფი აღდგენის გეგმა", - განაცხადა ტიმოშენკომ.
აპრილის დასაწყისში რუსული ჯარები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებიდან გააძევეს. ახლა ბრძოლები დონბასში, ხარკოვის რეგიონში და უკრაინის სამხრეთ ნაწილში მიმდინარეობს.
უკრაინის მთელი ტერიტორიის ფართობი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არის 603 548 კმ². Forbes Ukraine-მა გამოთვალა, რომ 24 მაისისთვის რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა უკრაინის ტერიტორიის 125 000 კმ² (ქვეყნის მთლიანი ფართობის დაახლოებით 20.7%).