უკრაინა: სლავიანსკის მიმართულებაზე რუსების შეტევა მოვიგერიეთ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული საოკუპაციო ჯარების შეტევა სლავიანსკის მიმართულებაზე მოიგერიეს. ამის შესახებ 6 ივნისს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.
"სლავიანსკის მიმართულებით უკრაინულმა ჯარებმა დაამარცხეს და უკან დაახევინეს მტრის ჯარებს, რომლებიც გადაჯგუფების შემდეგ წინ მიიწევდნენ ველიკა კამიშევახის, ვერნოპოლიეს, დიბროვნოეს, დოლინისა და ბოგოროდიჩნის მიმართულებებზე", - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
მოტუზიანიკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები "აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას და ანადგურებენ მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობას".
თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ გასული დღის განმავლობაში დამპყრობლების თვითმფრინავები აეროდრომებიდან 39-ჯერ აფრინდნენ უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 6 ივნისს დილით განაცხადა, რომ სლავიანსკის მიმართულებით ოკუპანტები კონცენტრირებულნი არიან თავიანთი ძირითადი შეტევითი ოპერაციიბის გაგრძელებაზე.