უკრაინა ზელენსკის ებრაულ წარმომავლობაზე პუტინის განცხადებას გამოეხმაურა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტის წარმომავლობით შეპყრობილია, რაც მიუთითებს მის "ღრმად ფესვგადგმულ ანტისემიტიზმზე."

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

დიპლომატმა კომენტარი გააკეთა პუტინის 5 სექტემბრის განცხადებაზე, რომელშიც მან ზელენსკის ებრაული წარმომავლობა ნაციზმის განდიდებას დაუკავშირა.

"უკრაინის პრეზიდენტის ეთნიკურ წარმომავლობაზე პუტინის ქრონიკული ფიქსაცია რუსული ელიტის ღრმა ანტისემიტიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს მკაცრად დაგმოს რუსეთის პრეზიდენტის ანტისემიტური განცხადებები. დღევანდელ მსოფლიოში ეთნიკური ნიშნით სიძულვილის ადგილი არ უნდა იყოს." - აცხადებს ნიკოლენკო.

5 სექტემბერს პროპაგანდისტული ტელეარხის ВГТРК-ს ეთერში პუტინმა განაცხადა, რომ "დასავლელმა კურატორებმა თანამედროვე უკრაინის სათავეში ეთნიკური ებრაელი მოიყვანეს, რათა უკრაინის ანტიჰუმანური არსი დაფარონ."

"სიტუაციას უკიდურესად ამაზრზენს ხდის, რომ ეთნიკური ებრაელი ფარავს ნაციზმის და მათ, ვინც ოდესღაც უკრაინაში ჰოლოკოსტს ხელმძღვანელობდა." - თქვა რუსმა დიქტატორმა.

მსგავსი სიახლეები