"უკრაინამ ბახმუტის ზომის ტერიტორია დაიბრუნა" - ЗСУ-ს იერიშის ქრონიკა, დღე 4

კონტრიერიშის დაწყების შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 60კმ² გაათავისუფლეს, რაც დაახლოებით ბახმუტის ზომის ტერიტორიაა. 

უკრაინის არმიის წინსვლა გასულ 24 საათში გაგრძელდა დონეცკისა და ზაპორიჟიის ოლქის საზღვარზე. დადასტურებულია დასახლებების: ბლაჰოდატნოე, ნესკუჩნოე, სტოროჟოევოს და ნოვადარივკას გათავისუფლება.

აქედან ბოლო 2 დასახლება უკრაინელმა მებრძოლებმა გასულ 24 საათში დაიბრუნეს. 

ვრცელდება ცნობები, სოფელ მაკარივკის გათავისუფლების შესახებაც, თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამის შესახებ არაფერს ამბობს. 

ზაპორიჟიის მიმართულებით, მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების წარმოებას ხელს უშლის ამინდი - პროგნოზის მიხედვით, ფრონტის ამ მონაკვეთებზე პერიოდული წვიმები 15 ივნისამდე გაგრძელდება. ეს ერთის მხრივ ართულებს ოკუპანტების მიერ ავიაციის აქტიურ გამოყენებას, თუმცა ასევე ხელს უშლის უკრაინული ჯავშანტექნიკის სწრაფ მოძრაობას. 

ამ დროისთვის უკრაინის მაქსიმალური წინსვლა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში 10 კილომეტრია. სამხედრო ექსპერტების ცნობით, ამ დროისთვის ЗСУ-ს უახლოესი პოზიციებიდან რუსების თავდაცვის ძირითად ხაზებამდე 10-12 კილომეტრი აშორებს.

დეტალები 

 

კონტრიერიშის პირველი დღეების შედეგებს შერეულს უწოდებს The Economist. გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ ზოგ მონაკვეთზე ЗСУ-ს წინსვლა არსებითია, ზაპორიჟიაში კი შედეგი სახარბიელო არ არის. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ ორიხივი-ტოკმაკის ხაზზე, რომელიც ზაპორიჟიაში უკრაინის შეტევის ძირითადია ხაზია არმიამ არსებითი დანაკარგები განიცადა, როგორც ცოცხალ ძალაში, ასევე ტექნიკაში. 

ფრონტის ამ მონაკვეთზე შეტევას უკრაინის 47-ე ბრიგადა აწარმოებს, რომელიც სპეციალურად კონტრიერიშისთვის დასავლეთის მიერ გაწვრთნილი და შეიარაღებული 9 ბრიგადიდან ერთ-ერთია. 

ამავდროულად, გაზეთის უკრაინული წყაროები ამბობენ, რომ ჯერ ბრძოლაში მათი ძალების ბირთვი არ ჩართულა. უკრაინელი ოფიცერის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ორმხრივი თამაში, რომელიც ერთმანეთის რეზერვების გაწელვას ემსახურება. 

"ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია შევამციროთ რუსეთის უპირატესობა სააარტილერიო ცეცხლში",- ამბობს ЗСУ-ს ოფიცერი. 

The Economist აღნიშნავს, ზაპორიჟიაში რუსეთის ავიაციის გაზრდილ აქტივობას. ბახმუტში მყოფი უკრაინელი სამხედროები კი რუსეთის მხრიდან დრონების გამოყენების სიხშირის ზრდაზე მიუთითებენ. 

გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში საუბარია კახოვკის კაშხლის ჩამოშლის ეფექტზეც - იმის გათვალისწინებით, რომ წყალმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე რუსების პირველადი თავდაცვის ზღუდეები მორეცხა და ხერსონის ოლქიდან ზაპორიჟიის მიმართულებით რუსებმა გარკვეული რეზერვები გადაისროლეს, მომდევნო კვირებში უკრაინელებს შესაძლოა გაუმარტივდეთ დნეპრის ფორსირების მცირემასშტაბიანი ოპერაციების წარმოება. 

უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ანდრე ზაგოროდნიუკი ამბობს, რომ უამინდობის გამო მომდევნო დღეებში უკრაინის წინსვლა შესაძლოა შენელდეს - "ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ ნელა."

რა ხდება 

 

ზაპორიჟიის ფრონტი - გასული დღეების მსგავსად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი შეტევები კვლავ ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე, ე.წ. ვრემიევსკის შვერილზე განვითარდა. სწორედ ამ რაიონში მდებარეობს უკრაინის მიერ გათავისუფლებული დასახლებები.

ამ მიმართულების ველიკა ნოვოსილკას სახელითაც მოიხსენიებენ.

12 ივნისის დილის საათებში Z-ბლოგერები იტყობინებოდნენ, რომ შვერილი რუსეთის არმიამ პრაქტიკულად დაკარგა, თუმცა ბოლო საათებში ირწმუნებიან, რომ რუსულმა დანაყოფებმა დაიწყეს კონტრშეტევა სოფელ მაკარივკას მიმართულებით. 

სავარაუდოა, რომ ფრონტის ამ მიმართულებით, უკრაინის შემდეგი მიზანი სოფელი ურაჟაიანოე იქნება - ოკუპანტების თავდაცვის ძირითადი ხაზებთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლება. ამასთანავე ვრცელდება ცნობები სოფელ ნოვოდონეცკოეს გათავისუფლების შესახებ. 

ამ თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობა ექნება ვინ დაამყარებს კონტროლს ურაჟაინოეს გვერდით მდებარე მაკარივკაზე.

"მაკარივკის გათავისუფლებაზე საუბარი მას შემდეგ შეგვეძლება, რაც ბიჭები ადგილზე გამაგრდებიან",- ნათქვამია უკრაინული პორტალის, Deep State-ის ყოველდღიურ მიმოხილვაში. 

ამავე წყაროს ცნობით, აქტიური ბრძოლები გრძელდება ორიხივი-ტოკმაკის ხაზზე, ძირითად სოფელ მალა ტოკმაჩკასა და ლობკოვესთან. 

დონეცკის ფრონტი - ფრონტის ამ მონაკვეთზე ზაპორიჟიის საზღვრის მიღმა ძირითადი ბრძოლები ავდიივკის გარშემო განვითარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში შეიმჩნეოდა უკრაინული ქვედანაყოფების გადაჯგუფება, მომდევნო დღეებში შესაძლებელია უკრაინამ ამ მონაკვეთზე ლოკალური კონტრშეტევა წამოიწყოს, რომლის მიზანიც დასახლებელი ვოდიანოე-ოპიტნოეს დაბრუნება და უშუალოდ ქალაქ დონეცკში პოზიციების დაკავება შეიძლება იყოს. 

კვლავ უშედეგო იყო რუსეთის არმიის რეგულარული დანაყოფების შეტევები მარიინკის ირგვლივ, დასახლების უდიდეს ნაწილს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ. 

ბახმუტის ფრონტი - ЗСУ-ს აღმოსავლეთ სარდლობის პრესსპიკერის, სერჰი ჩერევატის თქმით, გასულ 24 საათში უკრაინულმა დანაყოფებმა ფრონტის ამ მონაკვეთზე წინ წაიწიეს დაახლოებით 700 მეტრით. 

ზაპორიჟიის გარდა ამინდი ბახმუტთანაც გაუარესდა, რამაც გაართულა უკრაინელების მოქმედება. სტრატეგიული თვალსაზრისით უკრაინის ძირითადი შეტევა ფრონტის ამ მონაკვეთზე ნაკლებად სავარაუდოა. 

მოსალოდნელია, რომ აქ მოქმედი უკრაინული დანაყოფების მთავარი მიზანი რუსეთის რეზერვების დაკავება და მათი საბრძოლო მასალის მაქსიმალური გახარჯვაა. 

კონტექსტი 

 

უკრაინის კონტრიერიშის ძირითადი ფაზის გამხსნელ ეტაპს აფასებს რუსეთ-უკრაინის ომის მონიტორინგის ანალიტიკური ცენტრი Rochan Consulting. 

ორგანიზაციის ცნობით, იერიშის პირველ დღეებში უკრაინის გენშტაბმა ბრძოლებში დაახლოებით 10 ბრიგადა ჩართო, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთია დასავლური ჯავშანტექნიკით აღჭურვილი. 

უკრაინის შედარებითი მაღალი დანაკარგების განმაპირობებელ მთავარ ფაქტორად ანალიტიკური ცენტრი ჰაერში ოკუპანტების უპირატესობას ასახელებს. ცენტრის მიერ აღრიცხული და დადასტურებული უკრაინული დანაკარგების ჩამონთვალი შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • 17 - Bradley-ის ტიპის მანქანა;
  • 4 - სხვადასხვა მოდიფიკაციის Leopard-ის ტანკი;
  • 2 - AMX-10-RC-ის საბრძოლო მანქანა; 
  • 3 - Leopard-ის ბაზაზე დამზადებული გასანაღმი მანქანა;

ცენტრის სამხედრო ექსპერტების ცნობით, ეს დანაკარგები დასავლეთის მიერ უკრაინის გადაცემული ტექნიკის არც თუ ისე დიდ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა განსაკუთრებულ შფოთვას იწვევს ამერიკული Bradley-ის და გასანაღმი სპეცტექნიკის დანაკარგის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები. 

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ORYX-ის ცნობით, დანაკარგებად კვალიფიცირებული 17 Bradley-დან მხოლოდ 5-ია განადგურებული, ეს ეხება გასანაღმ სპეცტექნიკასაც. სპეციალისტების თქმით, აღნიშნული ტექნიკის ევაკუაციის შემთხვევაში უკრაინელები შეძლებენ მათ შეკეთებას. 

ამასთანავე Rochan Сonsulting-ის ყოველკვირეულ ანალიზში აღნიშნულია, რომ ჯავშანტექნიკის დანაკარგების ძირითადი ნაწილი მხოლოდ ერთ ჩავარდნილ შეტევას უკავშირდება. 

"ამის შემდეგ მასშტაბური დანაკარგების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელები ადაპტირდნენ საფრთხის წინაშე",- ნათქვამია მიმოხილვაში. 

უკრაინის იერიშს სამხედრო ექსპერტები შედარებით წარმატებულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ უკრაინას კვლავ აქვს მნიშვნელოვანი რეზერვები, რომლებიც ბრძოლაში ჯერ არ ჩართულან. "ძირითადი იერიში ჯერ არ დაწყებულა",- ნათქვამია მიმოხილვაში. 

ამასთანავე, პოლონური ორგანიზაციის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე კამპანია უფრო მეტად იქნება ხერსონის იერიშის მსგავსი, ვიდრე ხარკივის.

მსგავსი სიახლეები