უკრაინას რუსეთში დივერსანტები ჰყავს და მათ დრონებით ამარაგებს - CNN
უკრაინამ რუსეთის შიგნით აგენტებისა და მხარდამჭერების ქსელი შექმნა, რომლებიც რუსულ სამიზნეებზე დივერსიული აქტების განსახორციელებლად მუშაობენ და დაიწყო მათთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება. ამის შესახებ CNN-ს აშშ-ს დაზვერვიდან რამდენიმე წყარომ განუცხადა.
აშშ-ის ოფიციალური პირები თვლიან, რომ ამ პრო-უკრაინულმა ძალებმა რუსეთის შიგნით განახორციელეს კრემლზე დრონით თავდასხმა, რუსეთის შიგნიდან დრონის გაშვებით და არა უკრაინიდან მოსკოვში გადაფრენით.
გაურკვეველია ვინ დგას ბოლო დღეებში განხორციელებული უპილოტო თვითმფრინავების სხვა თავდასხმების უკან - მათ შორის ერთის, რომელიც მიზნად ისახავდა საცხოვრებელ უბნებს მოსკოვის მახლობლად და მეორე თავდასხმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე სამხრეთ რუსეთში.
მაგრამ აშშ-ს ოფიციალური პირები თვლიან, რომ უკრაინამ რუსეთის შიგნით დივერსიული ქსელები შექმნა, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი რუსებისგან შედგება. ვარაუდობენ, რომ მათ უკრაინული წარმოების დრონებეს მიაწოდეს და აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რომელიმე თავდასხმა აშშ-ს მიერ მოწოდებული დრონებით განხორციელდა.
გამოცემის წყაროები საბოლოოდ ვერ ამბობენ, თუ როგორ მოახერხა უკრაინამ დრონების მტრის ზურგში შეტანა, მაგრამ ორმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ დაადგინეს კარგად მოქმედი კონტრაბანდის მარშრუტები, რომლებიც შეიძლება გამოიყენებოდეს რუსეთში დრონების ან მისი კომპონენტების გასაგზავნად.
"ფული საოცრებას ახდენს"
ევროპული დაზვერვის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარი უზარმაზარია და ძალიან რთულია მისი კონტროლი, რაც კონტრაბანდის გადასატანად მარტივია. ოფიციალური პირის თქმით, ამას უკრაინელები უკვე ათწლეულებია აკეთებენ.
"ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს არის რუსეთის პერიფერიული ტერიტორია", - თქვა მან. "გადარჩენა ყველას სურს, ამიტომ ნაღდი ფული საოცრებას ახდენს."
CNN-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ ბუნდოვანია ვინ აკონტროლებს ამ ძალებს, თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ ამაში უკრაინის დაზვერვა მონაწილეობს.
ორმა წყარომ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადგინა ზოგადი პარამეტრები, თუ რისი უფლება აქვთ მის სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებს, მაგრამ ყველა ოპერაცია არ მოითხოვს მის ხელმოწერას.
უკრაინის უშიშროების სამსახურის სპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ იდუმალი აფეთქებები და დრონების თავდასხმები გაგრძელდება.
"ბამბის შემთხვევებზე კომენტარს მხოლოდ ჩვენი გამარჯვების შემდეგ გავაკეთებთ", - თქვა მან. უშიშროების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის ციტირებით, სპიკერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ბამბა იწვოდა, იწვის და დაიწვება.
ბამბა არის ჟარგონული სიტყვა, რომელსაც უკრაინელები აფეთქებებს უწოდებენ, როგორც წესი, რუსეთში ან უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
"რამდენიმე თვიანი ძალისხმევის კულმინაცია"
გასული წლის განმავლობაში რუსეთში იდუმალი ხანძრებისა და აფეთქებების მუდმივი შემთხვევები იყო, სამიზნე იყო ნავთობისა და საწვავის საწყობები, რკინიგზა, კომისარიატები, საწყობები და მილსადენები. მაგრამ ოფიციალურმა პირებმა შენიშნეს ამ თავდასხმების რაოდენობის ბოლო კვირების განმავლობაში ზრდა.
დაზვერვის ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ როგორც ჩანს, ეს არის უკრაინელების მიერ ასეთი დივერსიებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობის "ძალისხმევის კულმინაცია."
"წინა თვეების განმავლობაში უკრაინაში იზრდებოდა განწყობა, რომ ქვეყანა უფრო აგრესიული უნდა გახდეს", - თქვა აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა. "და, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული სურვილი უმაღლეს დონეზე."
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსს, კირილო ბუდანოვს მუდმივად ჰქონდა რუსეთის წინააღმდეგ ოპერაციების თავხედური გეგმები და აფასებს სიმბოლურ აქტებს.
Washington Post-ის ცნობით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, CIA-მ ბუდანოვს მოუწოდა "გადაედო" რუსეთზე თავდასხმები უკრაინაში ინტერვენციის წლისთავზე.
ბუდანოვი დათანხმდა CIA-ს მოთხოვნას, მაგრამ უპილოტო თვითმფრინავები მოსკოვის მახლობლად 28 თებერვალს, ომის ერთი წლის თავიდან რამდენიმე დღეში მაინც შენიშნეს.
აშშ-ის დაზვერვის კიდევ ერთ ანგარიშში, რომელიც CNN-მა მოიპოვა, ნათქვამია, რომ ზელენსკიმ თებერვლის ბოლოს, დრონებით "როსტოვის ოლქში რუსული ობიექტების დაბომბვის იდეა გამოთქვა."
გაურკვეველია, რამდენად გადაწყდა ამ გეგმის აღსრულება, მაგრამ როსტოვის ოლქში ნავთობის ობიექტები დრონებით მართლაც დაიბომბა.