უკრაინამ რუსული ტყვეობიდან თითქმის 600 ადამიანი დააბრუნა
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან თითქმის 600 ადამიანი დააბრუნა, მათგან 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელმა ალექსანდრ სმირნოვმა ტელეკომპანია "Еспресо"-ს ეთერში განაცხადა.
"დღემდე ტყვეობიდან თითქმის 600 ადამიანია დაბრუნებული - 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და დანარჩენი სამხედროები, რაც შეეხება დეპორტირებულებს, ერთი მხრივ, ძალიან საშინელი რიცხვია, მეორე მხრივ, ზუსტი რიცხვი არ არსებობს. რადგან ჩვენ არ გვაქვს წვდომა აგრესორის ტერიტორიაზე. შესაბამისად, არის მაჩვენებლები, რასაც თავად აგრესორი ავრცელებს - ეს არის 3 მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებიც იძულებით არიან დეპორტირებული მათ ტერიტორიაზე, მათგან დაახლოებით 600 ათასი ბავშვია", - აღნიშნა სმირნოვმა.
მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ხალხის დაბრუნება ძალიან რთულია.
"ჩვენ ასევე ვაგროვებთ მონაცემებს და ვამოწმებთ ადამიანებს - 30 000-ზე მეტი ზრდასრული და თითქმის 7300 ბავშვი. აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიიდან ხალხი თავად გადის ან არიან ადამიანები, რომლებიც მიმართავენ რეინტეგრაციის სამინისტროს და ეს არის ბავშვების ინდივიდუალური დაბრუნება. ამჟამად დაბრუნებულია 53 ბავშვი", - დასძინა სმირნოვმა.