უკრაინას ამოეწურა ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგი - Associated Press

უკრაინას უკვე ამოეწურა ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგი.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press ამერიკელ მაღალჩინოსანზე და უკრაინელ დეპუტატზე დაყრდნობით წერს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.

"ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოთხშაბათს აღიარეს, რომ კიევს აღარ აქვს ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. უკრაინას ეს რაკეტები ამოეწურა, იტყობინება ამერიკელი ოფიციალური პირი და უკრაინელი დეპუტატი უმაღლესი რადას თავდაცვის კომიტეტიდან." - წერს AP.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 40-ზე ნაკლები რაკეტა მიაწოდა მთლიანობაში და უკრაინას მათი მარაგი იანვრის ბოლოს ამოეწურა.

"აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის პენტაგონის წინა ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა, ნათლად განაცხადეს, რომ ATACMS-ების მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას გადასცემდნენ უკრაინას და აშშ და ნატოს მოკავშირეები სხვა შეიარაღებას უფრო ღირებულად თვლიან ამ ომში," - წერს გამოცემა.

ამერიკულ ATACMS-ის რაკეტებს, მოდიფიკაციის მიხედვით, განსხვავებული მოქმედების დიაპაზონი აქვთ - 140-დან 300 კმ-მდე.

კონტექსტი

2024 წლის 17 ნოემბერს The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველად მისცა უფლება უკრაინელ სამხედროებს გამოიყენონ ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.

2024 წლის 19 ნოემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად დაბომბეს რუსეთის ტერიტორია ამერიკული ATACMS-ებით.

რამდენიმე დღის შემდეგ - 2024 წლის 25 ნოემბერს - OSINT ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, რომ უკრაინამ პირველად დაბომბა ATACMS-ის კასეტური ქობინით სამხედრო აეროდრომი რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ 2024 წლის 23 და 25 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებულა სამი შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტა კურსკის რეგიონში სამიზნეებს მოხვდა.

2024 წლის დეკემბერში The New York Times-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინას შესაძლოა ამოეწუროს ATACMS-ის რაკეტების მარაგი შეერთებული შტატებიდან, ამიტომ კიევი ზღუდავს მათ გამოყენებას.

მსგავსი სიახლეები