"უკრაინა წინსვლას აგრძელებს"- რა ვიცით ЗСУ-ს კონტრშეტევებზე ბახმუტთან
ბოლო დღეების განმავლობაში პირველად დიდი ხნის განმავლობაში ბახმუტთან ადგილი ჰქონდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოკალურ კონტრშეტევებს და როგორც ჩანს ეს შეტევები წარმატებული იყო.
თავდაპირველად ЗСУ-ს მიერ ინიცირებულ 10 მაისს ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი იტყობინებოდა. პრიგოჟინი ამბობდა, რომ ЗСУ-მ წარმატებული კონტრშეტევის შედეგად დაახლოებით 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა, ხოლო რუსეთის 72-ე ბრიგადამ პოზიციები უბრძოლველად მიატოვა. პრიგოჟინის სიტყვები მოგვიანებით უკრაინულმა წყაროებმაც დაადასტურეს.
"საიერიშო ქმედებების შედეგად, ბახმუტთან განადგურებულია რუსეთის 72-ე ბრიგადის დანაყოფები. თითქმის სრულად განადგურდა აღნიშნული ბრიგადის 6-ე და 8-ე ასეულები. დამარცხებულია ბრიგადის სადაზვერვო დანაყოფი, განადგურებულია საბრძოლო მანქანები, ტყვედ აყვანილია არაერთი ოკუპანტი"- იტყობინებოდა 11 მაისის დილით, აზოვის დამფუძნებელი ანდრეი ბილეცკი.
მოგვიანებით, ბახმუტთან უკრაინის კონტრშეტევების შესახებ გავრცელებული ცნობები დაადასტურა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმაც. მისი თქმით, იმ დროისთვის გათავისუფლებული იყო 3 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია.
სავარაუდოა, რომ წარმატების ფონზე ЗСУ-ს კონტრშეტევების არეალი 11 მაისის განმავლობაში კიდევ უფრო გაფართოვდა, რაც რუსებისთვის დამატებითი პოზიციების დაკარგვით დასრულდა.
პოზიციების დაკარგვა ცოტა ხნის დაადასტურა იმავე პრიგოჟინმა - ჩვკ ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, ბახმუტის მიმართულებით ფლანგებზე კონტროლი რუსეთის რელუგარული არმიის დანაყოფებს გადაეცა, რომელმაც ვერ შეძლო პოზიციების დაცვა. უკვე დღეს პრიგოჟინი ამბობს, რომ ვითარება ოკუპანტებისთვის სწრაფად უარესდება.
"ფლანგებზე ვითარება პროგნოზირებულიდან ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება - ტერიტორიებს, რომლებსაც მრავალი თვის განმავლობაში ჩვენი საბრძოლო ამხანაგების სისხლითა და სიცოცხლით ვიკავებდით, დღეს პრაქტიკულად ბრძოლის გარეშე ტოვებენ ისინი, რომლებსაც პოზიციები უნდა გაემაგრებინათ",- ამბობს პრიგოჟინი.
რა ვიცით?
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბახმუტთან დაწყებულ ლოკალური კონტრშეტევების სერიას ადასტურებს OSINT ანალიტიკოსი ემილ კასტეჰელმი. მკლევარის თქმით, თავდაპირველად უკრაინელებმა წინ წაიწიეს ბახმუტის სამხრეთით, ამ დროისთვის კი ბრძოლები ბოჰდანივკასთან და სოფელ ხრომოვესთან მიმდინარეობს.
ყურადღებას იქცევს ისიც, რომ მათ შორის ბახმუტში უკრაინელთა მოქმედებების გააქტიურობაზე საპასუხოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ "გენერალური ვითარება კონტროლქვეშაა." ეს შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ ლოკალური "ვითარება" ზუსტად რომ არ არის კონტროლქვეშ.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საუბრობს უკრაინელთა გააუქტიურებაზე მალოივანოვკას მიმართულებით, რომელიც ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარეობს. უკრაინელთა წინსვლა შესაძლოა უფრო დიდი იყოს, ვიდრე ჩვენ ვიცით ამ მომენტისთვის. ასევე არსებობს კონტრშეტევების ალბათობა უშუალოდ ქალაქის ფარგლებში",- წერს კასტეჰელმი.
ბახმუტთან უკრაინის არმიის განგრძობით წინსვლას ადასტურებს უკრაინული პლატფორმა DeepState-იც - "პირველად დიდი ხნის განმავლობაში რუკაზე ლურჯი ფერი გამოჩნდა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები ბახმუტთან პოზიციებს კარგავენ, მაგრამ არ არის საჭირო გადაჭარებებული მოლოდინების შექმნა. ეს უფრო მეტად ტაქტიკური ოპერაციებია, ვიდრე ოპერატიულ-სტრატეგიული."
მსგავსია ფინელი ანალიტიკოსის შეფასებაც, რომლის აზრითაც, საქმე გვაქვს უკრაინის მხრიდან გზის ამბნევ შეტევებთან. ამ შეტევებს აქვთ როგორც სამხედრო, ასევე, პოლიტიკური მიზანი. თუ კი რუსეთი ბახმუტთან პოზიციების გასამაგრებლად რეზერვების გადასროლას გადაწყვეტს შესაძლოა ამით მკვეთრად დაასუსტოს ფრონტის სხვა მონაკვეთები. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი რეზერვებს არ გადაისვრის კრემლი პოლიტიკური დამცირებით რისკავს. ორივე ვარიანტი უკრაინისთვის ხელსაყრელია.
მსგავს შეფასებას აკეთებს საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი, რობ ლი - "თუ კი რუსეთი კვლავ პოლიტიკური ლოგიკით მიიღებს სამხედრო გადაწყვეტილებებს, კრემლმა შესაძლოა გადაწყვიტოს ბახმუტთან რეზერვების გადასროლა, რათა ხელი შეუშალოს ფლანგების ჩამოშლას. ამან შესაძლოა რუსეთის დანაყოფები უფრო მოწყვლადი გახადოს ფრონტის სხვა მონაკვეთებზე, სადაც უკრაინელების გარღვევის უკეთესი შანსი აქვს."
დაახლოებით იგივე აზრს ავრცელებს დონბასელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვიც. მისი თქმით, ლოკალური კონტრშეტევებით ЗСУ ცდილობს ქალაქის დასავლეთ ნაწილზე შეკრული რკალის გაფართოებას - "სერიზულ კონტრშეტევაზე საუბარიც ზედმეტია. ამოცანები, რომელსაც ფრონტის ამ მონაკვეთზე ЗСУ ასრულებს წმინდად ტექნიკური ხასიათისაა."
სტრელკოვის ირწმუნება, რომ თუ ЗСУ მართლაც მიიტანს სერიოზულ დარტყმას ბახმუტის მიმართულებით, ეს არა ძირითადი, არამედ დამხმარე შეტევა იქნება, ხოლო იერიში მისი აზრით ზაპორიჟიის ფრონტზე განვითარდება.
მსგავს შეხედულებას, სხვა ასპექტზე დაკვირვებით იზიარებს აშშ-ს საზღვაო ანალიზის ცენტრის რუსეთის პროგრამის დირექტორი მაიკლ კოფმანიც - "უკრაინა უტევს ძალებით, რომლებიც არ არის დაკავშირებული მთავარ ძალისხმევასთან. მათი მიზანია დააკავონ რუსული დანაყოფები ბახმუტთან და დაიბრუნონ ბოლო თვეებში დაკარგული პოზიციები. ეს კი ქმნის ხელსაყრელ პირობებს კონტრიერიშისთვის, რომელიც მაღალი ალბათობით სხვაგან განვითარდება."
უკრაინის კონტრიერიშის შესახებ გაიგე უფრო მეტი ჩვენი პოდკასტიდან არასაფრენი ზონა.