სირსკი: რუსებმა ბახმუტთან ფრონტის გარკვეულ სექტორებში 2 კმ-მდე უკან დაიხიეს
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მახლობლად ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში რუსებმა 2 კმ-მდე მანძილზე უკან დაიხიეს. ამის შესახებ 10 მაისს Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
"ბახმუტის მიმართულებით კარგად გააზრებული თავდაცვის წყალობით, ჩვენ ვიღებთ ჩვენი ქვედანაყოფების ქმედითი მოქმედებების შედეგებს, კერძოდ, ვახორციელებთ ეფექტურ კონტრშეტევებს. ფრონტის ზოგიერთ სექტორში მტერმა ვერ გაუძლო უკრაინელი დამცველების ზეწოლას და უკან დაიხია 2 კმ-მდე მანძილზე. სწორედ თავდაცვის ოპერაციის კომპეტენტურმა წარმართვამ გამოფიტა "ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის ძალები და აიძულა ისინი გარკვეულ რაიონებში რუსული რეგულარული ჯარების უარესად გაწვრთნილი ნაწილებით ჩანაცვლებულიყვნენ, რომლებიც დამარცხდნენ და უკან დაიხიეს", - წერს ის.
სირსკის თქმით, მიუხედავად ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციისა და რუსი სამხედრო კრიმინალების განცხადებებისა, რომ ბახმუტის 9 მაისამდე დაკავება სურთ, ოკუპანტებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.
"ჩვენი თავდაცვის ძალები კარგად იცავენ ფრონტს და არ აძლევენ მტერს წინსვლის უფლებას. ბრძოლა ბახმუტისთვის გრძელდება... ცალკე აღვნიშნავ მე-3 ცალკეული შემტევი ბრიგადის მუშაობას, რომელმაც ძლიერი დარტყმა მიაყენა მტერს და აჩვენა უკრაინის არმიის ძალა", - აღნიშნა მან.