უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს სტამბულში დაიწყება
უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს თურქეთში დაიწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ღამის მიმართვაში განაცხადა.
უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელმა, დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ ფეისბუქზე განაცხადა, რომ შეხვედრები 28-30 მარტს გაიმართება.
"წინ არის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, რადგან ჩვენ ვეძებთ მშვიდობას. ნამდვილად. დაუყოვნებლივ. როგორც მე მაცნობეს, არსებობს პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა და საჭიროება უკვე თურქეთის ტერიტორიაზე. ეს არის კარგი, ვნახოთ როგორი შედეგით დასრულდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის პრიორიტეტები მოლაპარაკებებში სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა.
"ვიდეომოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე გადაწყდა, რომ შემდეგი ლაივ რაუნდი ორ დელეგაციასთან ერთად თურქეთში 28-30 მარტს ჩატარდეს", - წერს არახამია.
ეს ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატმაც დაადასტურა.
"ჩვენი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შემდეგი შეხვედრა სტამბულში გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.