უკრაინაში მოკლული რუსი ჯარისკაცის დედა: ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს
24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, რითაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპაში უმსხვილესი სამხედრო კონფლიქტი წამოიწყო.
რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში უკვე ემსხვერპლა 1 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორს 130-ზე მეტი ბავშვი. უკრაინის პრეზიდენტის მიერ გასაჯაროებული ბოლო ცნობებით დაღუპულია 1 300-მდე უკრაინელი სამხედრო.
სამხედრო დანაკარგების შესახებ მხოლოდ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ - 25 მარტს გავრცელებული ცნობებით, უკრაინაში მიმდინარე ომისას მოკლულია 1 351 და დაჭრილია 4 000-მდე რუსი სამხედრო.
სავარაუდოა, რომ რუსეთის დანაკარგები გაცილებით უფრო მეტია - სხვადასხვა ნეიტრალური მხარის შეფასებით, ომის მიმდინარეობის 1 თვის განმავლობაში, შესაძლოა მოკლული იყო 7 000-დან 10 000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე.
უკრაინაში მოკლულ ერთ-ერთი ჯარისკაცი იყო 26 წლის ევგენი, რომლის დედამაც Deutsche Welle-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
გამოცემასთან საუბარში რუსი სამხედროს დედა იხსენებს თავის შვილის ცხოვრებას, რთულ ბავშვობას და სამხედრო კარიერის დაწყებას. ქალის თქმით, შვილისთვის საკონტრაქტო სამხედრო სამსახური მაინცდამაინც სასურველი არ იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მისთვის სასურველი სამსახური ვერ იპოვა, ის საკონტრაქტო ჯარს შეუერთდა.
დედის თქმით, მისი შვილი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმში კინოლოგად წავიდა. დედის თქმით, მას ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შვილმა უთხრა, რომ მას სამხედრო წვრთნებზე სმოლენსკში აგზავნიდნენ.
"ამ დროიდან დავიწყე ქექვა, თუ სად მიდიოდა ომი, ვიფიქრე ყაზახეთზე. მოკლედ რომ გითხრათ, თავიდან უკრაინაზე არც მიფიქრია, მხოლოდ მეორე დღეს გამახსენდა, რომ უკრაინაში არ არის სიმშვიდე".
ქალი ამბობს, რომ მას შეეძლო მეტი გაეკეთებინა იმისთვის, რომ შვილს გადაეფიქრებინა და უარი ეთქვა უკრაინაში გამგზავრებაზე. ქალის თქმით, შვილთან ბოლოს კონტაქტი 24 თებერვალს ჰქონდა - "მან დამირეკა და მითხრა - დედა, ომი დაიწყო. მე ვუპასუხე, რომ ყველაფერს ტელევიზორში ვხედავდი".
მოკლული ჯარისკაცის მშობლის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ მას შვილთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია:
"მთელი დღეები ვუყურებდი ტელევიზორს და ვიქექებოდი ინტერნეტში, მინდოდა მისი სახე დამენახა, დავდიოდი ეკლესიაში, ვანთებდი სანთლებს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო".
ნატალიას თქმით, შვილის დაღუპვის შესახებ მას 8 მარტს შეატყობინეს.
ჟურნალისტის მიერ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ დასმულ კითხვებზე ქალი ამბობს, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ნაკლებად ინტერესდებოდა იქ მიმდინარე მოვლენებით და საკითხში გარკვევა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიგო, რომ შვილს იქ გზავნიდნენ.
"ამბობენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არაფერ შუაშია, მაგრამ ყველანი მეზიზღებიან. ისინი ფარად იფარებენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ვისაც სურდა წასვლა ისინი გააფრთხილეს და უკვე წავიდნენ. სამაგიეროდ ჩვენი ბიჭები კვდებიან, მე უკვე აღარ მებრალებიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც".
ჟურნალისტის კითხვაზე, მისი აზრით თუ რა იყო ომის დაწყების მიზეზი, ქალი პასუხობს - "უბრალო სიტყვებით, რომ ვთქვა მე ეს საკითხი ასე მესმის - თუ არ დავარტყამდით ჩვენ, უკრაინელები დაგვარტყამდნენ და აქ სხვა ვარიანტები არ არსებობდა. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც გეგმის მიხედივთ არ წავიდა, ცხადია არავინ არ მოელოდა ასეთს. ახლა უკვე იმდენი ბიჭი დაიღუპა, რომ გაჩერება აღარ შეიძლება, სვლა გამარჯვებამდე უნდა გავაგრძელოთ".
ჟურნალისტის კიდევ ერთ კითხვაზე თუ რისთვის ომობდა და რისთვის დაიღუპა მისი შვილი ქალი პასუხობს, რომ ის რუსეთს და რუსებს იცავდა:
"იმისთვის, რომ ჩვენ გვეცხოვრა დიდხანს და ბედნიერად, იმისთვის, რომ არ იყოს ომი, რომ ჩვენს თავზე არ ცვიოდეს ბომბები".
ომის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, ქალი უარს ამბობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდოს, როგორც ამას მედიისგან და რიგითი მოქალაქეებისგან რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს.
"არა მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის სპეცოპერაცია, ეს ნამდვილი ომია. ვიცი, რომ ამის აღიარება არ შეიძლება, მაგრამ ეს ნამდვილი ომია. იქ ნამდვილი სასაკლაოა."