უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, "ლუკოილის" მეოთხე ტოპ მენეჯერი გარდაიცვალა
რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის, "ლუკოილის" ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი რობერტუსი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კომპანიის მეოთხე ტოპ მენეჯერია, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაიღუპა.
ამის შესახებ "ლუკოილის" პრესსამსახური წერს.
"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი ვლადიმერის ძე რობერტუსი 54 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა," - ნათქვამია განცხადებაში.
2023 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ვლადიმერ ნეკრასოვის გარდაცვალების შესახებ. გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა დასახელდა.
ნეკრასოვი კომპანიას წინა თავმჯდომარის, რავილ მაგანოვის გარდაცვალების შემდეგ ხელმძღვანელობდა, რომელიც 2022 წელს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი შენობის ფანჯრიდან გადმოვარდა.
მაგანოვამდე, 2022 წლის მაისში გარდაიცვალა "ლუკოილის" ყოფილი ტოპ მენეჯერი ალექსანდრ სუბბოტინი, მისი ცხედარი კერძო სახლში იპოვეს. გამომძიებლების თქმით, სუბბოტინის გარდაცვალების მიზეზი ასევე გულის მწვავე უკმარისობა იყო.