უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად მოსკოვის ინდოეთის პრემიერი ეწვია
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი მოსკოვში 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ეს ინდოეთის ლიდერის პირველი ვიზიტია რუსეთში.
აქამდე ნარენდრა მოდის ბოლო ვიზიტი რუსეთში 2019 წელს ვლადივასტოკის ეკონომიკურ ფორუმზე შედგა. გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინი და მოდი შეხვდნენ 2022 წლის შემოდგომაზე, შანხაის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე სამარყანდში.
მოდი და პუტინი კრემლში, 9 ივლისს შეხვდებიან. "შევეცდებით გავაღრმავოთ გამორჩეული და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ერებს შორის" - ნათქვამია ინდოეთის ლიდერის მიერ მოსკოვიდან გამოქვენყებულ ფოტოებზე.
კონტექსტი
რუსეთსა და ინდოეთს შორის მჭიდრო პოლიტიკური კავშირებია საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული. ნიუ დელის მნიშვნელობა მოსკოვისთვის კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ - გასულ 2.5 წლის განმავლობაში ინდოეთი რუსული ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველი გახდა.
სხვადასხვა მონაცემებით, ამ დროისთვის რუსულ ნავთობზე ინდოეთის მთლიანი იმპორტის 40% მოდის. მოსალოდნელია, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ნავთობით ვაჭრობის ფინანსური მხარის მოწესრიგება იქნება.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ საუბარი შეეხება რუსული წარმოების შეიარაღაბასაც - სხვადასხვა მონაცემებით, ინდური არმიის შეიარაღების 60%-მდე რუსული წარმომავლობისაა.
უკრაინაში ომის დაწყებისა და შეიარაღებაზე შიდა მოთხოვნის ზრდის ფონზე, რუსეთი ვერ აკმაყოფილებს ინდოეთის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე გასულ წლებში ინდოეთი ფრანგული, იტალიური და ამერიკული შეიარაღების ხარჯზე საკუთარი არსენალების დივერსიფიკაციას ცდილობს.