უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ პუტინის შიდა წრეს სანქციებს დაუწესებს
აშშ ვლადიმირ პუტინის შიდა წრისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში სამხედრო აგრესიას განაახლებს.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ ვაშინგტონმა სხვა დასავლელ მოკავშირეებთან პუტინთან დაახლოებული პირების სია შეადგინა, რომლებსაც ფინანსური და სხვა ტიპის შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეთ.
„აღნიშნული პირები კრემლის შიდა წრეში შედიან და გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ“, - ამბობს ამერიკელი თანამდებობის პირი.
თეთრი სახლი სანქციების პოტენციური სამიზნეების ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა ადასტურებენ, რომ საუბარია რუს ოლიგარქებზე და მათი ოჯახის წევრებზე, ვისაც დასავლეთში მნიშვნელოვანი ფინანსური ინტერესები და კაპიტალი აქვთ დაბანდებული.
პერსონალური სანქციები უფრო პაკეტის ნაწილი იქნება, რომელიც რუსეთის საბანკო, ენერგეტიკული და სხვა სექტორებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში უფრო ღრმად შეიჭრება.
30 იანვარს ბრიტანეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასმა განაცხადა, რომ „მიზანში უნდა ამოიღონ პუტინის ოლიგარქები და კომპანიები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას უმაგრებენ ზურგს.“