უკრაინელთა 44% მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობა, თუმცა პირობები მიუღებელია
უკრაინელთა 44% მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად, ხოლო 35% კვლავ წინააღმდეგია. ამასთანავე ქვეყნის მოსახლეობის მყარი უმრავლესობისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები.
ამის შესახებ კიევის რაზუმკოვის სოციოლოგიური ცენტრის მიერ, ივნისის მიწურულს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს.
საყურადღებოა, რომ კვლევის შედეგები და მოსახლეობის განწყობების საკმაოდ განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. მაგალითად, ცენტრალური უკრაინაში რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას გამოკითხულთა 49% ემხრობა, ხოლო დასავლეთ რეგიონებში 35%. კიდევ უფრო მეტი (გამოკითხულთა 60%) უჭერს მხარს მოლაპარაკებების დაწყებას სამხრეთ რეგიონებში - ეს ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 16%-ით აღემატება.
ამასთანავე უკრაინელთა აბსოლიტური უმრავლესობისთვის (83%) მიუღებელია რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის დათმობის შესახებ.
უმრავლესობა (58%) წინააღმდეგია უკრაინის უბლოკო სტატუსის კონსტიტუციაში დაფიქსირების.
1991 წლის საზღვრების აღდგენა პრინციპული მნიშვნელობისაა გამოკითხულთა 51%-ისთვის. 26% მზად არის მხარი დაუჭიროს ცეცხლის შეწყვეტის 2022 წლის 24 თებერვლის ფრონტის ხაზზე და მხოლოდ 9% არის მზად მხარი დაუჭიროს ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის მიმდინარე ხაზებზე.
უკრაინელთა 2/3 შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე. 82%-ის აზრით, გამარჯვება შესაძლებელი იქნება თუ დასავლეთი უკრაინას მეტ შეიარაღებას მიაწვდის. 76% მიიჩნევს, რომ ომში გასამარჯვებლად აუცილებელია საკუთარი ძლიერი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი.