უკრაინის არმია ყირიმზე დარტყმებს გააგრძელებს - ISW

ანალიტიკოსების აზრით, ამჟამად არ არსებობს დადასტურებული წყაროები, საიდანაც შესაძლებელი იქნება დავასკვნათ, რა მოხდა რეალურად 18 აგვისტოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, კერძოდ, ქერჩის მახლობლად ან ბელბეკის საჰაერო ბაზის მიდამოში სევასტოპოლის მახლობლად. ამის შესახებ 18 აგვისტოს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ოპერატიულ ანალიზში წერს.

"[ანალიზის] გამოქვეყნების მომენტში უცნობია, არის თუ არა სავარაუდო აფეთქებები დაკავშირებული უკრაინის თავდასხმებთან, რუსული სამხედრო აღჭურვილობის არასწორად გამოყენებასთან, რუსეთის საჰაერო თავდაცვის წარმატებულ ოპერაციებთან ან ნერვიულ რუს სამხედროებთან, რომლებიც სავარაუდოდ, ემზადებიან დამატებითი თავდასხმებისთვის იმ ადგილებში, რომლებიც აქამდე უკრაინული ძალებისთვის მიუწვდომელად ითვლებოდა", - ნათქვამია ანგარიშში.

ISW ვარაუდობს, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, გააგრძელებს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის კამპანიას ოკუპირებულ ყირიმში, რათა რუსული ლოგისტიკური პოტენციალი გაუარესდეს და ოკუპანტების მხარდაჭერა დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე დასუსტდეს.

მანამდე ომის შესწავლის ინსტიტუტმა იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთი, თავის მხრივ, შეეცდებოდა ყირიმზე თავდასხმები ტერორისტულ თავდასხმად წარმოეჩინა.

18 აგვისტოს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ყირიმში, ბელბეკის სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებების შესახებ. სევასტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ყირიმის მაცხოვრებლებმა ასევე ქერჩის რეგიონში რამდენიმე აფეთქებაზე განაცხადეს. 

მსგავსი სიახლეები