უკრაინა ბუჩის ხოცვა-ჟლეტაში ჩართული რუსი ოკუპატების სიას აქვეყნებს
4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა რუსი ოკუპანტების სია, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩაში სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს.
როგორც უკრაინის დაზვერვის პრესსამსახურმა განმარტა, სიაში შედიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 35-ე გაერთიანებული არმიის 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები.
"გახსოვდეთ! უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, ყველა ომის დამნაშავე პასუხს აგებს", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ოკუპანტთა სიაში შედის ბრიგადის პერსონალი - მისი ხელმძღვანელობიდან (ოთხი პოლკოვნიკი) რიგითებამდე.
თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაასაჯაროვა რუსი სამხედროების ვინაობა, დაბადების თარიღები, მათი პასპორტის მონაცემები და სამხედრო წოდებები.