უკრაინის დაზვერვა: რუსეთი 90 000-მდე ჯარისკაცის მობილიზებას გეგმავს

რუსეთი ზრდის სამობილიზაციო რეზერვებს და დაახლოებით 90 000 სამხედროს მობილიზებას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

"ისინი იყენებენ განსხვავებულ მიდგომებს, როგორც ე.წ. მოხალისეთა ბატალიონებს, ასევე სარეზერვო ბატალიონებს, ე.წ. "საბრძოლო არმიის რეზერვის" ბატალიონებს, რომლებსაც ისინი ახლა აკომპლექტებენ თითოეულ სამხედრო ოლქში დანაკარგების ასანაზღაურებლად. მათ სურთ გაზარდონ თავიანთი ძალისხმევა და გაზარდონ იმ დაჯგუფების რაოდენობა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ", - განაცხადა სკიბიცკიმ.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, დღეს რუსეთს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს.

"დრო გადის, მათ ვერ მიიღეს ბლიცკრიგი. დაეხმარება თუ არა რუსეთს მეტი ადამიანის მობილიზება? ალბათ არა. პირველ რიგში მოქმედ სამხედროებს შორის ძალიან უარესდება მორალური მდოგმარება. მეორეც, სულ უფრო და უფრო ნაკლებია სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის განმცხადებლების რაოდენობა. გარდა ამისა, დიდი ქალაქების მოსახლეობაში პანიკა დაიწყო, რადგან არავის არ სურს შეიარაღებული ძალებში და მით უმეტეს, ომში წასვლა", - შეაჯამა მან.

მსგავსი სიახლეები