უკრაინის დაზვერვა: რუსეთმა ბელგოროდში მდებარე საცავიდან ბირთვული იარაღი გაიტანა

რუსებმა ბელგოროდის რეგიონის საწყობიდან ბირთვული იარაღის გატანა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

"არის დამატებითი ინფორმაცია ევაკუაციის ზომებთან დაკავშირებით. "Белгород-22"-ის ობიექტიდან - ბირთვული იარაღის საცავიდან - სასწრაფოდ დაიწყო გრეივორონის მახლობლად მდებარე ტერიტორიის ევაკუაცია." - თქვა მან.

იუსოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან და იქ ადგილობრივი ანტიპუტინისტური ძალები იბრძვიან.

კონტექსტი

22 მაისს, დილით, უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყეს და რამდენიმე სოფელიც დაიკავეს.

"რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" მებრძოლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო რუსეთის დასახლებების საგზაო ნიშნების ფონზე - ლიუბიმოვკა (ბრიანსკის ოლქი), ბეზლიუდოვკა (ბელგოროდის რეგიონი), ჩუროვიჩი (ბრიანსკის ოლქი).

იმავდროულად, "თავისუფალი რუსეთის" ლეგიონმა ჩაწერა ვიდეო, რომელშიც რუსებს მოუწოდებს იბრძოლონ პუტინისგან თავისუფალი რუსეთისთვის.

22 მაისს ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა Telegram-ზე დაწერა, რომ რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები