უკრაინის დაზვერვამ რუსეთის ავიაციასა და აღჭურვილობაზე საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ 100 გიგაბაიტი საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვა რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საწარმოდან - შპს "სპეციალური ტექნოლოგიების ცენტრიდან"
ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზღვევამ განაცხადა.
დაზვერვის თქმით, ეს რუსული საწარმო 2016 წლიდან სანქცირებულია. მის ობიექტებში აწარმოებენ სხვადასხვა მოდიფიკაციის უპილოტო საფრენი აპარატებს, ელექტრონული ომისა და სადაზვერვო აღჭურვილობის მთელ სპექტრს და სხვა სამხედრო პროდუქტებს.
"უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს მიერ მოპოვებილი ინფორმაცია მოიცავს დოკუმენტაციას 194 სახეობის აღჭურვილობაზე: ნახაზები, ტექნიკური მახასიათებლები, პატენტები, პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ. - საუბარია არსებულ და პერსპექტიულ შეიარაღებაზე." - ნათქვამია განცხადებაში.
სამხედრო დაზვერვის წინასწარი შეფასებით, მიღებული მონაცემების ღირებულება შეიძლება $1,5 მილიარდი იყოს.
"ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა ტერორისტული მოსკოვისთვის: ეს არქივი უკვე გამოიყენება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და აგრესორი სახელმწიფოს დასუსტებისთვის." - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ.
დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი გახდა "სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საზოგადოების პატრიოტ წარმომადგენლებთან" ეფექტური ურთიერთქმედების წყალობით.