უკრაინის ელჩი გერმანიაში: არამხოლოდ ელჩი, არამედ იარაღით მოვაჭრეც ვარ

უკრაინელი დიპლომატები ომის დაწყების დღიდან მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცნენ. მათ შორის კი ყველაზე არასტანდარტული ცალსახად ანდრეი მელნიკია, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის სრულუფლებიანი ელჩია. 

ანდრეი მელნიკი 1997 წლიდან კარიერული დიპლომატია, თუმცა მისივე თქმით, მუშაობის ახლანდელი სტრატეგია მის სამუშაო გამოცდილებაში სრულიად ახალი ფენომენია. 

მელნიკი ხშირად ძალიან მკვეთრი და პირდაპირი განცხადებებით გამოდის - ის უკომპრომისოდ აკრიტიკებს იმ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელშიც ელჩად არის მივლენილი. მისი მკაფიო პოზიციები გერმანიაში სამთავრობო გადაადგილების მიზეზიც კი გახდა. 

თავის მუშაობის სპეციფიკაზე ანდრეი მელნიკი Українська правда-ს ესაუბრა, გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

გერმანულ იარაღზე 

"ნომერ პირველი თემა ახლა იარაღია. გერმანიისგან იარაღის მიღება ჩემთვის პირველივე დღიდან პატივის საკითხს წარმოადგენდა, ჩვენ ჯერ კიდევ ომამდე ვცდილობდით მათ დარწმუნებას, დაეწყოთ უკრაინის შეიარაღება. 

ომის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში ემოციურად მივმართე გერმანელებს, რომ თუ რუსეთი თავს დაგვესხმებოდა და მათ არ ექნებოდათ დაწყებული ჩვენი შეიარაღება, უკრაინელები გერმანიას ამას არასდროს აპატიებდნენ. 

სამწუხაროდ, გერმანული იარაღი ომის დაწყებიდან მხოლოდ 4 დღის შემდეგ მივიღეთ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამისთვის ნიადაგი მოვამზადეთ. 

დღეს უკვე საკითხი სხვანაირად დგას - ჩვენ გვჭირდება მძიმე შეიარაღება. ჩვენ უკვე დავარწმუნეთ მწვანეები, თითქმის დავარწმუნეთ ლიბერალები, მაგრამ გადაწყვეტილებას ფედერალური კანცლერი შოლცი და მისი პარტია მიიღებს - ეს კიდევ ერთი ბარიერია, რომელიც უნდა დავძლიოთ. 

მთავარი კითხვაა შეძლებს თუ არა კანცლერი შოლცი წინ წაუძღვეს ამ პროცესს და დაარწმუნოს სკეპტიკოსები, რომ გერმანია ვერ მისცემს თავს უფლებას კვლავ დაამუხრუჭოს პროცესი. 

მე მაქვს კარგი წინათგრძნობა, რომ ამ გადაწყვეტილებას სულ უფრო ვუახლოვდებით. 

გერმანელები თავიანთ თავს ეკითხებიან, თუ ისტორიის რა მხარეს აღმოჩნდებიან ისინი, მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს. როდესაც ისტორიკოსები და შთამომავლები დაიწყებენ იმის გარკვევას, ვინ როგორ ეხმარებოდა და ვინ არ ეხმარებოდა უკრაინას - ეს კითხვა სულ უფრო აქტუალური ხდება გერმანელი პოლიტიკოსებისთვის. 

ერთხელ როგორღაც ხუმრობით ვთქვი, რომ მე არამხოლოდ ელჩი, არამედ იარაღით მოვაჭრეც ვარ. ამაში არის სიმართლის მარცვალიც - მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდები უმსხვილესი გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს."

გერმანიის პოზიციაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

"ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, რომლის წამოწევასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობ. პირველი ეს არის იარაღი, მეორე კი უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. 

ამ მხრივ პირველი ნაბიჯი გასული წლის შემოდგომაზე, მაშინ გადაიდგა, როდესაც ახალი მთავრობის ფორმირება მოხდა - მაშინ ჩაიწერა, რომ უკრაინას აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. 

გერმანიამ აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის გაწევრიანებას, ამ შემთხვევაში არის შანსი, რომ ევროკავშირში 3-5 წელიწადში გავწევრიანდეთ. 

გერმანია ამ პროცესის ლიდერი უნდა გახდეს, სწორედ მათ უნდა დაარწმუნონ საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბენილუქსის ქვეყნები, უნგრეთი. გერმანიამ უნდა შეცვალოს არსებული პარადიგმა - მათ უკვე ნათლად დაინახეს, რომ უკრაინაში ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენარჩუნებისთვის, არამედ ვიბრძვით იმ დემოკრატიული ფასეულობებისთვის, რაც ევროკავშირში საფუძველში დევს." 

უკრაინის ყველაზე დიდ მეგობრებზე გერმანიაში

"ეს შესაძლოა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ დღეს ჩვენ მთავარი მეგობრები აქ - გერმანელი ხალხია. გერმანელი ხალხი გამოფხიზლდა და ჩვენ ამას ვგრძნობთ. ისინი ჯერ ვერ ხვდებიან რა უნდა ქნან, მაგრამ ხვდებიან, რომ უკრაინა გახდა მსხვერპლი, მათ შორის გერმანიის ბოლო მთავრობების არასწორი პოლიტიკის.

ჩვენ კიდევ ერთი მოკავშირეები ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც უფრო ღრმად აანალიზებენ რა მოხდა და მთავრობას მწვავე კითხვებს უსვამენ."

შოლცის შესაძლო ვიზიტზე კიევში 

"ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია, პრეზიდენტის [ზელენსკის] მოწვევა უკვე არსებობს.

საჭიროა არამხოლოდ ვიზიტი - რა თქმა ესეც მნიშვნელოვანია სიმბოლურ დონეზე - მაგრამ კანცლერი მაშინ უნდა ჩავიდეს კიევში, როდესაც თან ჩაიტანს კოალიციის ახალ გადაწყვეტილებას - უკრაინის მხარდაჭერის ახალ პაკეტთან დაკავშირებით. ეს არის მძიმე შეიარაღება, ეს არის სანქციების მეექვსე პაკეტი და არა ისეთი კოჭლი როგორიც ახლა, არამედ უნდა დაწესდეს სრულფასოვანი ემბარგო რუსულ გაზსა და ნავთობზე." 

 

მსგავსი სიახლეები